ვფიქრობ, საზოგადოება არ არის ჩართული მსჯელობაში, მმართველობის რომელი სისტემა სჯობს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა, გიორგი გვიმრაძემ პრეზიდენტს კითხვა დაუსვა, რამდენად გათვითცნობიერებულია საზოგადოება იმაში, რომ საპრეზიდენტო სისტემიდან საქართველო საპარლამენტო მოდელზე გადავიდა.
„გაერო-ში გამოსვლის დროს თქვენ აღნიშნეთ, რომ ქართული დემოკრატიისთვის, საქართველოში დემოკრატიული პროცესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როცა მოხდა 2020 წელს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის ინიცირება მმართველი გუნდის მხრიდან, თუმცა, ეს საკითხი ჩავარდა. მას შემდეგ დაწყებული პროცესი, მათ შორის მმართველ გუნდში, როდესაც დღის წესრიგში კვლავ დადგა მაჟორიტარულ სისტემაზე დაბრუნება, მათ შორის 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გარკვეული მაჟორიტარები სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას ითხოვენ და ა.შ. თქვენი შეფასებით, რამდენად კარგად გვაქვს გააზრებული და რამდენად კარგად ვიცით მმართველობის რა სისტემაზე გადავედით, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკა ავირჩიეთ, რადგან პროცესი და კამათი, რომელიც დღეს დაიწყო საზოგადოებაში, განსაკუთრებით პოლიტიკურ ჯგუფებსა და კლასში, მაფიქრებინებს, რომ ეს საკითხი კარგად გააზრებული არ არის, იმდენად, რამდენადაც თვითონ მართვის ფორმა, რომელსაც მმართველი გუნდის შიგნით გარკვეული ჯგუფი, უფრო სწორად, არჩევნების სისტემა, რომელსაც მოითხოვს, უფრო შეესაბამება საპრეზიდენტო რესპუბლიკას, ვიდრე საპარლამენტოს. საპარლამენტოზე წასულმა ქვეყანამ ავირჩიეთ პროპორციული სისტემა არჩევნებისთვის და უკან დაბრუნების მოთხოვნა ხომ არ ნიშნავს, რომ მმართველი გუნდის შიგნით, რომელმაც ერთპიროვნულად, ერთპარტიულად მიიღო ის საკონსტიტუციო ცვლილებები, იქაც კი არ იყო ამაზე საბოლოო თანხმობა, რა სისტემაზე გადავდივართ. რამდენად გათვითცნობიერებულია საზოგადოება იმაში, რომ საპრეზიდენტოდან გადავედით საპარლამენტოზე, ეს კარგია და ამას შემდგომი ასეთი პროცესები სჭირდება“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებები ძირითადად არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე მიიღება, ძველის განმეორების პრევენციის მიზნით.
„მგონი, საზოგადოება არ არის ჩართული ამ მსჯელობაში, რომელი სისტემა სჯობს. მე თვითონ არ ვიცი, რომელი სისტემა სჯობს საქართველოსთვის, ეს თეორიული ანალიზები ვფიქრობ, ნაკლებად არის გაკეთებული. ხშირ შემთხვევაში ჩვენი არამხოლოდ ეს გადაწყვეტილება, ბევრი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე – ანუ აღარ მინდა, ის განმეორდეს, ამიტომ ამ სისტემაზე გადავდივარ. დღესაც ისმის ბევრისგან, რომ ამიტომ გვჭირდება საპარლამენტო სისტემა, ამიტომ გვჭირდება პროპორციული, რომ ერთპარტიული აღარ იყოს და ეს ბევრად უფრო დაიშალოს, ანუ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ ყველაფრის გათვალისწინებით, ვიღებთ იმიტომ, რომ რაღაც არ მოგვეწონა და გვინდა, გამოვასწოროთ. ესეც გამართლებული არის ერთი მხრივ, მაგრამ სრულყოფილი შეიძლება, არ არის. საზოგადოება ნაკლებად ჩართულია ამ პოლიტიკურ მსჯელობაში, რადგან საზოგადოება უყურებს პოლიტიკას შორიდან, არ მიიჩნევს, რომ თვითონ არის რაღაცნაირად ბოლომდე ჩართული, მიიჩნევს, რომ ეს არის იმ პოლიტიკოსების და ძალიან დადებითი განწყობა არ არის პოლიტიკოსების მიმართ, მათი რაღაც გათვლები, თვითონ როგორ უფრო მოერგებათ ესა თუ ის სისტემა. ამიტომ ვხედავთ, რომ არის დისტანცირება საზოგადოებიდან პოლიტიკის მიმართ და საერთოდ, ბოლო ამ პოლიტიკური დებატების მიმართ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
წამყვანის რეპლიკაზე, რომ პრეზიდენტმა შეიძლება, აგენერიროს ეს დისკუსია საზოგადოებაში, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის სასახლე უნდა იყოს ადგილი ისეთი დისკუსიებისთვის, რომლისთვისაც არც პარლამენტს სცალია და არც მთავრობას.
„მიმაჩნია და ჯერ ვერ შევძელი ეს, პროცესი დაწყებულია სხვა მიმართულებით, მე მიმაჩნია, რომ თუ რამე შეუძლია პრეზიდენტს თავისი ახალი უფლებამოსლებიდან გამომდინარე, ეს არის, რომ აღნიშნული ადგილი, აღნიშნული სასახლე გახდეს კერა ყველა დისკუსიისთვის. სწორედ ისეთი დისკუსიები, რომლისთვისაც არც პარლამენტს სცალია, რადგან ჩართულია კანონმდებლობების მიღებასა და სულ სხვა საქმიანობაში, არც მთავრობას ცხადია და საზოგადოებაში რეალურად ასეთი დისკუსიებისთვის ადგილი არ არის“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მან მაგალითად საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მოიყვანა და აღნიშნა, რომ სიღრმისეული განხილვა არ ყოფილა, საქართველოს სჭირდება თუ არა ორ პალატიანი პარლამენტი.
„საკონსტიტუციო ცვლილებების დროს, როცა კომისია მსჯელობდა და მეც ვიყავი ამის ნაწილი, არ ყოფილა რეალურად სიღრმისეული დისკუსია იმაზე, გვინდა თუ არა ორი პალატა. პირდაპირ შევინარჩუნეთ ის მოცემულობა, მცირედ შეიცვალა, მაგრამ ის ჩანაწერი, რომ ეს ყველაფერი მოხდება, როცა ქვეყანა გამთლიანდება. არ ვიცი, მაგალითად, პირადად მე მიმაჩნია, რომ რატომ არ შეიძლება, ახლა იყოს. დავუთმოთ, დავტოვოთ ღიად ის ადგილები, რომელიც მიგვაჩნია, რომ ეკუთვნის ვთქვათ, აფხაზეთს თუ ამ შემთხვევაში აჭარას, სხვადასხვა რეგიონს სხვადასხვა წონით. ეს იქნებოდა რეგიონული პალატა, რომელიც სხვა ფორმით გადაწყვეტდა ამ პროპორციულ-მაჟორიტარულ საკითხს, რადგან მაჟორიტარულს აქვს ერთი უპირატესობა, ეს არის სიახლოვე ამომრჩეველთან, რეგიონული საკითხების წარმოჩენა სხვანაირად და ჩვენ ძალიან გვჭირდება სწორედ, რომ რეგიონული პოლიტიკა და რეგიონული ინეტერესები იყოს სხვანაირად წარმოდგენილი სახელმწიფოში. როგორც იცით, ერთ-ერთი ჩემი ინტერესი, პრიორიტეტი არის, ვიყო ძალიან აქტიური რეგიონებში, რათა ხალხმა იგრძნოს, რომ თბილისში არ ხდება ყველაფერი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.