სალომე ზურაბიშვილი - გაბრაზებულები ხართ? გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე, მოვამზადოთ ნამდვილი რეფერენდუმი, მე ვარ თქვენ გვერდით, მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე
84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს, ეს მომავალი ჩვენია და მე ახლა გეტყვით, რა არის ჩვენი გასაკეთებელი, ამათ ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთი სახელი ისტორიის ერთ გვერდზე ჩაწერეს, ჩვენ ახლა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც იქნება ჩვენი პასუხი დღევანდელ დღეზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, ახლა უნდა მომზადდეს რეფერენდუმი, საქართველოს სურს ევროპული თუ რუსული მომავალი.
„გაბრაზებულები ხართ დღეს, ხომ?! გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე. საქმე არის, რომ უნდა მოვამზადოთ, პირველ რიგში, ნამდვილი რეფერენდუმი. ანუ ეს ენერგია, რაც დღეს თქვენში არის, უნდა მოხმარდეს იმას, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ და მოიტანოთ ჩემთან, მოვაწერ ხელს რეფერენდუმს, გვინდა ევროპული მომავალი თუ რუსული მომავალი. 84 კაცი ამას ვერ გადაწყვეტს. ჩვენ გადავწყვეტთ, ყველანი ერთად. 84 კაცი არავინ არ არის იმასთან შედარებით, დღეს ვინც ხართ აქ, ახალი საქართველო, მომავლის საქართველო.
მეორე მთავარი საქმე – როდესაც მოაგვარებთ ამ ხელმოწერების შეგროვებას და მოიტანთ ჩემთან, თქვენი მთავარი მოვალეობა იქნება, რომ დაიცვათ არჩევნები ყველგან, სადაც საჭირო იქნება. თქვენი მობილიზაცია, თქვენი ნახევარი მილიონი ხმა და ჩვენი დიასპორის კიდევ ნახევარი მილიონი ხმა მაინც, როგორც მინიმუმი, არის ის, რაც გადაწყვეტს არჩევნებს 26 ოქტომბერს. მე ამ დროს იმას მივხედავ, რომ ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეგობრები, რადგან ზოგიერთმა ვერ გაიგო, ვინაა მეგობარი და ვინ არის საუკუნოვანი მტერი ამ ქვეყნის, ჩვენ გვერდით იქნებიან. შეიძლება, ვიღაცები, ის ორჯონიკიძეები დაასანქცირონ, მაგრამ არ ასანქცირებენ ქვეყანას, რადგან ქვეყანამ დღეს გამოაჩინა, ვინ არის, რა არის, სად არის და ეს არის ჩვენი მომავალი. 26 ოქტომბერი ყველამ ერთად უნდა მოვამზადოთ. მე ვარ თქვენ გვერდში, მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.