სალომე ზურაბიშვილი ფრანკოფონიისა და კულტურებს შორის დიალოგის ორდენით დაჯილდოვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლეიადით – ფრანკოფონიისა და კულტურებს შორის დიალოგის ორდენით დაჯილდოვდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნიუ იორკში 1976 წელს დაწესებული ჯილდო, რომელიც ფრანკოფონიის მიმართულებით ერთადერთ საერთაშორისო ჯილდოს წარმოადგენს, დღეს საქართველოს პრეზიდენტს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ფრანსის დრუენმა გადასცა ფრანკოფონიის იდეალების მსახურებაში გამორჩეული ღვაწლისათვის.
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ფრანცის დრუენმა მადლობა გადაუხდა საქართველოს პრეზიდენტს მასპინძლობისთვის.
„თქვენ არასდროს შეგიწყვეტიათ ორ კუტლურას, საქართველოსა და საფრანგეთს შორის კავშირების გაბმა. თქვენ სამაგალითო როლს ასრულებთ დასავლეთთან პარტნიორობის კუთხით. თქვენი ქმედებებით უდიდესი წვლილი შეიტანეთ საქართველოში მყარი ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და მტკიცე დემოკრატიის შექმნაში.
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება ამ განვითარებას, თქვენი ქვეყანა მრავალი გამოწვევეის წინაშე დგას, მაგრამ თქვენ ინარჩუნებთ ქვეყნის ერთობას, დესტაბილიზაციის მცდელობების მიუხედავად.
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას იმ აუცილებელ პოლიტიკურ რეფორმებში, რომელშიც თქვენ ჩაერთეთ თქვენი პრეზიდენტად არჩევის დღიდან“, – განაცხადა ფრანცის დრუენმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ჯილდოსათვის მადლობა გადაუხადა ასამბლეას.
„მადლობას ვუხდი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას. ეს ჩემთვის პატივია და ეს სწორედ კულტურათა შორის დიალოგს წარმოადგენს, რისკენაც ჩვენ, ყველანი ვისწრაფვით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.