სალომე ზურაბიშვილი ფოთში ნიკო ნიკოლაძის სტიპენდიანტებს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი ფოთში ნიკო ნიკოლაძის სტიპენდიანტებს შეხვდა

ნიკო ნიკოლაძის სტიპენდია არის ჯილდო, რომლითაც უნდა ამაყობდეთ, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ფოთში ნიკო ნიკოლაძის სტიპენდიანტებს, ფოთელ წარჩინებულ სტუდენტებს.

სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე სტიპენდიანტებს ჯილდოს მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ სტიპენდია თავისთავად წარმატებაა, რომლითაც უნდა ამაყობდნენ.

„მაინტერესებს რა მიმართულებით, რა დარგს სწავლობთ, როგორ უყურებთ თქვენი ქალაქის განვითარებას და თქვენი მოსაზრებით, რა სჭირდება ამ ქალაქს. ყველას გვესმის, რომ ძალიან ბევრი რამ გვჭირდება აქ და ყველგან ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ თქვენ ნიკოლაძის თვალით როგორ უყურებთ ამ ქალაქსა და რეგიონს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ახალგაზრდები პრეზიდენტს თავიანთი იდეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრნენ. უმრავლესობამ აღნიშნა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ მშობლიურ ქალაქში აპირებს დაბრუნებას და მუშაობას.

სტიპენდიის მიზანი სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების ფინანსური წახალისებაა. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტს. საქართველოს მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში და აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად, ბოლო საშემოდგომო ან საგაზაფხულო სემესტრის მიხედვით, სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში (სტუდენტს სემესტრში გავლილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ ოთხი საგანი) აქვს არანაკლებ 81-90 ან 91-100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი ან B კატეგორია – კარგი), აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.

ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია (ჯილდო) თითოეულ სემესტრში გაიცემა 30 სტუდენტზე. დაფინანსება გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სემესტრულად. ერთ სტუდენტზე გაცემული სტიპენდიის ოდენობა თითოეულ სემესტრში 500 ლარს შეადგენს.