საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ფოთში ამომრჩეველს შეხვდა. მან ადგილობრივებს სამომავლო გეგმები და საარჩევნო პროგრამა გააცნო.
საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, ფოთი მისთვის განსაკუთრებული ქალაქია და შეეცდება, პრეზიდენტობის დროს მისი წინაპრის, ნიკო ნიკოლაძის შექმნილი პროგრამა განახორციელოს.
„ეს არის შემაჯამებელი შეხვედრა. დღეს ვამთავრებ რეგიონებში მიმოსვლას. ვიყავი 63 ქალაქში, მანამდე კი იყო 15 ცენტრი, სადაც ხელმოწერებს ვაგროვებდით. კიდევ იქნება 10 რაიონი თბილისში, სადაც ხვალიდან შევხვდები მოსახლეობას. თითქმის 10 ათასი კილომეტრის გავლით და ამდენი შეხვედრით ვეცადე, მოსახლეობამდე მიმეტანა ის, რისთვისაც მოვდივარ პრეზიდენტად. იმედი მაქვს, ეს შევძელი.
ჩვენ ახლა ვიმყოფებით ფოთში. ეს არის ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. მგონია, რომ ნიკო ნიკოლაძეს ჰქონდა საქართველოსთვის უაღრესად სწორი პროგრამა ყველა მიმართულებით, რომელიც ეხება ევროპას, თანამედროვეობას, ინიციატივას, მშვიდობას, განათლებას. ეს ყველაფერი დევს მის მოსაზრებებში და მე გადმოვიტანე ისინი ჩემს პროგრამაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ფოთში სალომე ზურაბიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აქციით დახვდნენ. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.