სალომე ზურაბიშვილი - ევროპის ბედი განსაზღვრული იქნება უკრაინაში ომის შედეგით, ასევე მოლდოვასა და საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შედეგებით
ევროპის ბედი განსაზღვრული იქნება უკრაინაში ომის შედეგით, ასევე მოლდოვასა და საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შედეგებით, ეს ასევე განსაზღვრავს შავის ზღვის უსაფრთხოებას და ამ ზღვის მომავალს, როგორც თანამშრომლობის, დაკავშირებადობისა და მშვიდობის ზღვისა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ გზას და ევროპულ მომავალს.
„დემოკრატიული და პროევროპული ძალები საქართველოში სულ იყვნენ. ისინი წარმოადგენდნენ ქვეყნის უმრავლესობას. მათ იციან სად არის ჩვენი მომავალი. მათ იციან, რომ საქართველოს სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი ომისა და რუსეთის სხვა არაერთი მცდელობისა მიუხედავად შეეცვალა საქართველოს გეზი, წლების განმავლობაში მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას და ევროპულ მომავალს. 26 ოქტომბრის დაგეგმილი არჩევნები იქნება გადამწყვეტი. ძალიან ბევრი ძალა მუშაობს საქართველოს ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი ევროპაშია. ჩვენს ამ მომავალს იცავს უკრაინა, როდესაც ახლა უკრაინა იბრძვის საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, ევროპის თავისუფლებისთვის და ასევე საქართველოს თავისუფლებისთვის. ევროპის ბედი იქნება განსაზღვრული უკრაინაში ომის შედეგით, ასევე მოლდოვაში, საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შედეგებით. ეს ასევე განსაზღვრავს შავის ზღვის უსაფრთხოებას და ამ ზღვის მომავალს, როგორც თანამშრომლობის, დაკავშირებადობისა და მშვიდობის ზღვისა. ეს ასევე განსაზღვრვას ევროპისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების როლს კავკასიის რეგიონში, განსაზღვრავს სომხეთის მომავალს, რომელიც ასევე ადგას ევროკავშირთან დაახლოების გზას. ასე რომ, ყველაფერი, რაც დღეს ფსონზე დევს, ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი კი მშვიდობაა. მშვიდობა რომელიც იქნება გამოხატული ხალხის თავისუფალი ნებით საქართველოში, მოლდოვაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, უკრაინა ახლა რუსეთის მხრიდან აგრესიას განიცდის.
„ჩვენ განვიცდით ჰიბრიდულ ომს, პროპაგანდას, ყველა სახის ზეწოლას, შიშს და ჩახშობას. რუსული კანონით, რომელიც ახლა მოქმედებს, ხდება სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობა და შეზღუდვა. სწორედ ეს დევს არჩევნების ფსონზე. ვფიქრობ, რომ არჩევნების გზით ქართველი ხალხი და მათი ნება დაძლევს ამ საფრთხეებს, რომლებიც ძალიან რეალურია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის სიძლიერე, იმ ხალხისა, რომელთაც არაერთ ზეწოლას, შიშს, ბრძოლას გაუძლეს დამოუკიდებლობის და ევროპული მომავალს დასაცავად, დაძლევს ამ გამოწვევასაც“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, ფორუმზე გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა საქართველოს მიმართ რუსეთისგან შესაძლო საფრთხეებზე.
„საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის ბევრი გამოცდილება ჰქონდა, 2014 და 2008 წლამდეც. ეს ხდებოდა ყველა იმ დროს, როდესაც საქართველო იყო დამოუკიდებელი. დაიწყო 1921 წელს, მსგავსი იყო 1991 წლის, დამოუკიდებლობის შემდეგ. ასე რომ, ქართველმა ხალხმა იცის, თავის დახრას არ მოაქვს მშვიდობა, ეს არ ალაგებს რუსეთთან ურთიერთობას, ეს არ მუშაობს. ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, სადაც ვხედავთ რუსულ ხერხებს, რუსული კანონი იყო იმის ნიშანი, რომ ხელისუფლება, რადგან ვეღარ აგროვებს მხარდაჭერას, ცდილობს სხვადასხვა მეთოდებით, სხვადასხვა კანონებით მოახდინოს ზეწოლა საზოგადოებაზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ასევე, ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად სავარაუდოა, რომ ვლადიმერ პუტინი სამხედრო მოქმედებებს განახორციელებს, თუ საქართველოში საქმეები ისე არ წავა, როგორც მას სურს, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ არ ჰგონია ვლადიმერ პუტინმა მსგავსი ქმედება სცადოს.
„ეს არ არის ჰიპოთეზა, რომელსაც მე გავაჟღერებ. არა მგონია, რომ რუსეთმა ეს სცადოს, თუმცა ვერასდროს ვერ იტყვი, არასოდეს. მე ვფიქრობ, რომ სტრატეგია, რომელსაც რუსეთი დღეს იყენებს საქართველოში არის ის, რომ გამოიყენოს მარიონეტები. „ქართული ოცნება“ ნამდვილად რუსული ინტერესების მარიონეტი გახდა. ეს ნიშნავს, რომ მათი უშუალო სტრატეგია არ არის სამხედრო. მე ვფიქრობ, რომ უკრაინა მათთვის საკმარისია. იმედი მაქვს, რომ ასეა, მაგრამ ასევე იმედი მაქვს, რომ უკრაინა უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.