სალომე ზურაბიშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუცია ამ ეტაპზე არის მხოლოდ ერთგვარი გაღიზიანების გამოვლენა, ზოგიერთი რადიკალური ოპოზიციის თანმიმდევრული მუშაობისა და ხელისუფლების დუმილის, უმოქმედობის შედეგია
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ვიზიტის დროს „ბრიუსელში გაფუჭებული საქმე დახვდა“, რაც გამოვლინდა სხვადასხვა კუთხით, პირველი კი არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, ხოლო ყველაზე ნათლად გამოჩნდა იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე.
ზურაბიშვილის თქმით, არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა ევროპარლამენტის იმ პარტიებთან, რომლებიც მონაწილეობდნენ რეზოლუციის მომზადებაში, ამავდროულად, ოპოზიცია მუშაობდა საკუთარი მიზნების მისაღწევად.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მთავრობას არ ჩაუტარებია ის სამუშაო, რაც მას ევალებოდა.
„ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე. გასული წლის 19 ივლისს ბათუმის ასოცირებული ტრიოს დეკლარაცია, რომელსაც ჩვენი ინიციატივით მოეწერა ხელი, იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. მაშინ ცხადი იყო, რომ საქართველოს ეჭირა მოწინავე პოზიცია. გაფუჭებული საქმე იმას ჰქვია, როცა ერთი წლის შემდეგ საქართველომ მოწინავე ქვეყნიდან გადაინაცვლა ბოლო ადგილას. გაფუჭებული საქმე აშკარად გამოვლინდა სხვადასხვა კუთხით, პირველი არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, ყველაზე ნათლად გამოჩნდა იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე, ასეთი ტექსტი, თავისი ფაქტობრივი უზუსტობებითა და დაუსაბუთებელო ბრალდებებით, მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა ევროპარლამენტის იმ პარტიებთან, ვინც მონაწილეობას იღებდნენ ამ რეზოლუციის მომზადებაში და ეს ეხებოდა ევროპარლამენტის ყველა პარტიას. ოპოზიცია თავის მხრივ მუშაობდა საკუთარი მიზნების მისაღწევად, მთავრობას კი ის სამუშაო, რაც მას ან პარტიას ევალებოდა, არ ჩაუტარებია. არჩია ხან დუმილი და ხან შეურცხყოფით პასუხი სერიოზულ საკითხებზე, შედეგიც მიიღო. უნდა გვესმოდეს, რომ ეს რეზოლუცია უფრო განწყობის გამოხატვაა, ვიდრე რამე გადაწყვეტილების დაანონსება, რომლის დაანონსების ფაქტობრივი საფუძველი ამჟამად არ არსებობს. საზოგადოება არ უნდა იყოს შეყვანილი შეცდომაში, ეს რეზოლუცია ამ ეტაპზე მხოლოდ ერთგვარი გაღიზიანების გამოვლენაა, ზოგი რადიკალური ოპოზიციის თანმიმდევრული მუშაობისა და ხელისუფლების დუმილის და უმოქმედობის შედეგია. არ წარმოადგენს ჯერ არც გადაწყვეტილებას, არც ევროკავშირის მხრიდან მზაობას, რომ ასეთ ზომებს მიმართოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.