სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირში შეღწევა საქართველოს რეალური მიზანია და სხვა პერსპექტივა არ გვაქვს
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირში შეღწევა საქართველოს რეალური მიზანია და ქვეყანას სხვა პერსპექტივა არ აქვს.
მისივე თქმით, ევროკავშირში დაწყებულია მსჯელობა პარტნიორობის ახალ ფორმატზე და საქართველო უნდა იყოს ძალიან მომთხოვნი, რადგან დღეს გადადგმული ნაბიჯები ხვალ ინსტიტუციურად გაფორმდეს.
„ეს არის ჩვენი სტრატეგია. ამ ბოლო პერიოდში ვესაუბრე 29 ქვეყნის პრეზიდენტებს, გაერო-ს გენერალურ მდივანს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, ნატოს გენერალურ მდივანს. ევროკომისიის პრეზიდენტმა პირადად მომწერა ძალიან ვრცელი წერილი და გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ამ ადამიანთან საუბრის მთავარი თემა კორონავირუსთან ერთად, ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობის განვითარება იყო. რა არის ჩვენი ახალი მოთხოვნები, სად უნდა ვიყოთ ხვალ. ჩვენი დღევანდელი ამოცანაა შევაღწიოთ იქ, სადაც გვჭირდება, რომ ვიყოთ, რათა მივიღოთ თანამშრომლობის ის დონე, რაც საქართველოს საკადრისია. ამას ყველა ნელნელა ხვდება. ევროკავშირში შეღწევა ჩვენი რეალური მიზანია და ჩვენ სხვა პერსპექტივა არ გაგვაჩნია. დღეს, ხვალ და მომავალ კვირას ევროკავშირი არ დაიწყებს მსჯელობას ახალ კანდიდატებზე და ახალ წევრებზე. სამაგიეროდ, დაწყებულია მსჯელობა პარტნიორობის ახალ ფორმატზე და იქ უნდა ვიყოთ ძალიან მომთხოვნი, რადგან დღეს ვდგამთ შესვლის იმ ნაბიჯებს, რომელიც ხვალ ინსტიტუციურად გაფორმდება. დღეს უნდა შევიდეთ, ხვალ უნდა გვითხრან რომ შესულები ხართ. ეს არის ჩვენი სტრატეგია და ისე ძახილი, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირი, მე აღარ მყოფნის. ყველაფერი ორმხრივია. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა. მე მგონი, რომ ვიცით, რა მიმართულებებზე გვაქვს აღებული ჩვენი მთავარი ფსონი და ამაზე უნდა ვიმუშაოთ ძალიან კონკრეტულად – არა სიტყვებით, არამედ ფაქტებით უნდა მივაღწიოთ იმას, რაც დღეს გვჭირდება ჩვენი განვითარებისა და ეკონომიკური სტაბილურობისთვის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში.