სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირში გაწევრიანება რომ არ იყოს მხოლოდ სურვილი და ოცნება, უნდა ვიფიქროთ ახალი იდეებით, ახალი ინსტრუმენტებით
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიური სესიის – „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, რადგან ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიას თბილისი პირველად მასპინძლობს.
ზურაბიშვილის თქმით, ღონისძიებაზე სხვა თემებთან ერთად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ისაუბრა.
„ევრონესტი პირველად ტარდება საქართველოში, რის გამოც დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია. პლენარული სესიის იმ დროს ჩატარება, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ პარტნიორობის 10 წელს, ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივ მიღწევებს, ევროპარლამენტის წევრების აქ ჩამოსვლა [60 ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფება საქართველოში], ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ყოფნა, ძალიან მნიშვნელივანია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ დღეს, როგორი უნდა იყოს ჩვენი ახლო მომავალი. მე ვთქვი, რომ არამგონია, ჩვენ კიდევ 10 წელი უნდა ველოდოთ ევროკავშირში შესვლას და ინტეგრაციას, რომელიც წერია კონსტიტუციაში. მაგრამ, იმისთვის რომ ეს არ იყოს მხოლოდ სურვილი, მხოლოდ ოცნება, ჩვენ უნდა ვიფიქროთ და ვიფიქროთ ახალი იდეებით, ახალი ინსტრუმენტებით. ეს არის ამ შეხვედრის დანიშნულება და შემდგომ ყველა ჩვენგანის ერთად მუშაობა ამ მიმართულებით“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.