სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირის ელჩმა გამიმეორა ქარტიის მიმართ მხარდაჭერა და ის, რომ, როგორც კი დაინახავენ, მოსახლეობამ არჩევნებში გამოთქვა ურყევი ნება, დაუბრუნდეს ევროპას, ამოქმედდება ყველაფერი
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მისი ქარტიისა და ამ ქარტიით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, ევროკავშირის ელჩს დღეს შეხვდა.
„ნებისმიერი ხმა, რომელიც მიცემული იქნება ამ ოთხი პარტიიდან რომელიმესთვის, მიგვიყვანს ევროპაში. ჯამი ამ ხმების მიგვიყვანს ევროპაში. ეს იქნება ის უმრავლესობა, რომელიც დაამტკიცებს ყველა იმ პუნქტს, რაც წერია ქარტიაში. ეს გვაჩვენებს ძალიან სწორ გზას, მიხვეულ-მოხვეულების გამონაკლისით, არ იქნება მიხვეულ-მოხვეულები. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პარტნიორები დგანან ჩვენ გვერდით. ამისი დამადასტურებელი არის ის ბოლო განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ ბრიუსელიდან, ევროპული კავშირის საბჭოდან და ასევე, დღეს მე შევხვდი ევროკავშირის ელჩს, რომელმაც გამიმეორა არა მხოლოდ მხარდაჭერა ამ გზის, ამ ქარტიის, ამ სამოქმედო გეგმის, არამედ ის, რომ, როგორც კი დაინახავენ, რომ საქართველოს მოსახლეობამ გამოთქვა არჩევნებში თავისი მშვიდი, მაგრამ ურყევი ნება, დაუბრუნდეს ევროპას, მაშინვე ამოქმედდება ყველაფერი ის, რაც საჭირო არის, რომ ძალიან სწრაფად დაგვაბრუნონ იმ გზაზე. ძალიან სწრაფად აღადგინონ თუნდაც ის დახმარებები, რაც დღეს გაყინულია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.