სალომე ზურაბიშვილი - ევროინტეგრაციის გაღრმავების პარალელურად, საქართველომ აფხაზური ენის განვითარება საერთო ევროპული კულტურული დღის წესრიგის მნიშვნელოვან თემად უნდა აქციოს
ევროინტეგრაციის გაღრმავების პარალელურად, საქართველომ აფხაზური ენის განვითარება საერთო ევროპული კულტურული დღის წესრიგის მნიშვნელოვან თემად უნდა აქციოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს, როცა აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე დგას, აფხაზური ენის დღე, პირველ რიგში, ჩვენთვის, აფხაზებისა და ქართველებისთვის უნდა იყოს დაფიქრების დღე, რადგან აფხაზური ენის გადარჩენის გარეშე არ არსებობს აფხაზების გადარჩენა.
სიმბოლურია, რომ მდინარე ენგური, რომელიც დღეს ჩვენ ერთმანეთისგან გვყოფს შუმერულ ენაში სიბრძნის სამყოფელ მიწისქვეშა მდინარეს ეწოდებოდა. სიბრძნემ უნდა დაგვაახლოოს ერთმანეთთან, სიბრძნის ნაკლებობამ კატასტროფამდე მიგვიყვანა და თავისი მრავალათასწლოვანი არსებობის პერიოდში, აფხაზური ენა პირველად დადგა გაქრობის საფრთხის წინაშე.
საქართველომ, თავისი ევროინტეგრაციის გაღრმავების პარალელურად, უნდა შეძლოს აფხაზური ენის გადარჩენა და განვითარება საერთო ევროპული კულტურული დღის წესრიგის მნიშვნელოვან თემად აქციოს.
როგორც გასულ წელს „იუნესკოში“, კავკასიური ენების საერთაშორისო დღის დაწესებასთან დაკავშირებით განვაცხადე, მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით არის შესაძლებელი კავკასიური ენების, მათ შორის, აფხაზური ენის გადარჩენა“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.