სალომე ზურაბიშვილი - ევროატლანტიკური მიმართულებით პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, ვაფასებთ ჩრდილოეთ მაკედონიის სურვილს, რომ გაგვიზიაროს გამოცდილება
უკვე წელზე მეტია, მსოფლიო ებრძვის უხილავ მტერს, კრიზისმა ყველაზე მეტად პატარა ქვეყნები დააზარალა, ჩვენ ყველაზე კარგად მივხვდით, რომ გლობალური კრიზისის დაძლევა მხოლოდ სოლიდარობითა და თანამშრომლობითაა შესაძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სოლიდარობა უნდა გამოიხატებოდეს ვაქცინაზე წვდომითაც.
„საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ისტორიაში მნიშვნელოვანია თარიღია. მე ვარ საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომელიც სკოპიეში ჩამოვიდა, რაც ჩემთვის საამაყოა. ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობები მხოლოდ ორ წელს ითვლის. ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ, რომელიც იანვარში შედგა, მსოფლიო პანდემიის გამო, უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დადგა. უკვე ერთ წელზე მეტია, მსოფლიო ებრძვის უხილავ მტერს. პანდემიამ პრაქტიკულად შეაჩერა საერთაშორისო ურთიერთობები. კრიზისმა ყველაზე მეტად პატარა ქვეყნები დააზარალა. ჩვენ ყველაზე კარგად მივხვდით, რომ მხოლოდ სოლიდარობითა და თანამშრომლობითაა შესაძლებელი გლობალური კრიზისის დაძლევა. სოლიდარობა უნდა გამოიხატებოდეს ვაქცინაზე წვდომითაც“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიას ბევრი რამ აერთიანებს.
„ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის თქვენ და ჩვენ მიერ არჩეული გზა. იმისთვის, რომ ამ მიმართულებით წარმატებულად ვიაროთ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაფასებთ ჩრდილოეთ მაკედონიის სურვილს, რომ გაგვიზიაროს საკუთარი გამოცდილება. დასავლეთ ბალკანეთის ევროინტეგრაციის პროცესი ჩვენთვის მაგალითია. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე, ბორდერიზაციაზე, უკანონო დაკავებებზე, გატაცებებსა და ზაზა გახელაძის დაკავებაზე. ასევე, ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე, რუსეთის მილიტარიზაციის პროცესზე შავ ზღვასა და კავკასიის რეგიონში. ამ ესკალაციაზე პასუხი ერთია, ნატო-ს სამიტები, გზავნილები უნდა იყოს ძალიან ნათელი საქართველოსთვის და უკრაინისთვის. ეს არის მხოლოდ ერთადერთი არაკონფრონტაციული პასუხი ამ კრიზისზე. ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი კავშირების გაძლიერებაა. რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ხელი მოვაწერეთ სავიზო შეთანხმებას, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ვიზის გარეშე მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევს. დღეს ასევე ხელი მოვაწერეთ კულტურის სფეროში მემორანდუმს, რომელსაც საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის კულტურის მინისტრებმა მოაწერეს ხელი. ასევე, ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, ფეიკნიუსების საკითხი. ჩემი დღევანდელი ვიზიტი ჩვენს ურთიერთობას გააღრმავებს, იმედი მაქვს, ბატონო პრეზიდენტო, უახლოეს მომავალში გვესტუმრებით საქართველოში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.