სალომე ზურაბიშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბუიარ ოსმანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბუიარ ოსმანისთან რეგიონისა და ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ომს უკრაინაში, როგორც გამოწვევას რეგიონის, ევროპის უსაფრთხოებისათვის და ხაზი გაესვა კავკასიის რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობას.
„საქართველოს პრეზიდენტმა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მიმართულებით შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ეუთო-ს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, მათ შორის იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ეუთო დემოკრატიის განმტკიცების კუთხით, არსებითი რეფორმების გატარების თვალსაზრისით ახორციელებს, რაც ესოდენ აქტუალურია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის, განსაკუთრებით ახლა, როცა ქვეყანა კანდიდატობის მოლოდინშია.
ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ გამოთქვა მზადყოფნა, კიდევ უფრო გაძლიერდეს მხარდაჭერა ქვეყნის ინსტიტუციური რეფორმების კუთხით“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.