სალომე ზურაბიშვილი - ენა და სახელმწიფო ერთად ძლიერდება, ვითარდება, ასე მოვედით დღემდე, ყველას გილოცავთ დედაენის დღეს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს დედაენის დღეს ულოცავს.
ზურაბიშვილის თქმით, ენა და სახელმწიფო ერთად ძლიერდება და ვითარდება.
ზურაბიშვილი უცხოეთში გაზრდილ ყველა ახალგაზრდას უსურვებს, ისწავლოს, დაიცვას და გაითავისოს ქართული ენა, რომელიც როგორც პრეზიდენტი ამბობს, სახელმწიფოს გაძლიერების, გაერთიანებისა და ევროპულ ოჯახში ღირსეული დაბრუნების საფუძველია.
„დედაენის დღის აღნიშვნისას, პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ენა ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი განმსაზღვრელია, თუნდაც იმ დროიდან, როცა გიორგი მერჩულემ დაგვიტოვა ცნობილი სიტყვები: „ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირიცხების, რომელსაც შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“. ქართულმა ენამ საუკუნეების მანძილზე ეს დანიშნულება არ დაკარგა, არა თუ იყოს ჩვენი სახელმწიფოს განმსაზღვრელი, არამედ მისი დამცველი და მასთან გაიგივებული. ამიტომაც ქართულმა ენამ ბევრი განსაცდელი გამოიარა, მათ შორის, დევნა და აკრძალვები, თუმცა მას არ დაუკარგავს მისი ძალა, ეროვნული მოძრაობა სწორედ ამ ძალის შთაგონებით იწყება და გაიგივებულია ენის გადარჩენასთან. ენა და სახელმწიფო ერთად ძლიერდება, ვითარდება. ასე მოვედით დღემდე, 21-ე საუკუნემდე, პატარა ქვეყანა საკუთარი უნიკალური ენით, სამი სახეობის უნიკალური ანბანით, მსოფლიოს მიერ აწ უკვე აღიარებული და სწორედ დაფასებული ფენომენით. ისე მოვედით, რომ არც ერთი ურთულესი განსაცდელის დროსაც კი, როცა ქვეყნის ტერიტორიებს და მოქალაქეებს უმძიმესი საფრთხეები ემუქრებოდათ, ქართული ენა მჩაგვრელი თუ შემავიწროებელი არასოდეს ყოფილა, თუნდაც თავისი ყოფილი დამპყრობლების ენის. ეს შემწყნარებლობა დღემდე მოგვყვება და ქმნის საქართველოს სახელმწიფოს განსაკუთრებულობას.
ჩვენ ეთნიკურ უმცირესობებს ისეთი პირობები შევუქმენით საკუთარი წარმოშობის ენისა და კულტურის შესანარჩუნებლად, რომ მეორე უკიდურესობაში გადავედით და ამით ჩვენვე ვქმნით პრობლემას მათი სრულყოფილი ინტეგრაციის გზაზე, რამეთუ სრულყოფილ ინტეგრაციას სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნაც სჭირდება. ამაზე ერთად კიდევ უნდა ვიმუშაოთ. ასევე, ვჩაგრავთ ჩვენი ენის ფუძე ენებს – მეგრულსა და სვანურს. რატომღაც გვეშინია ქართულის უმდიდრეს ლიტერატურულ ენად ჩამოყალიბებაში მათი როლის აღიარება. მეგრულიც და სვანურიც ჩვენი საგანძურია, რომელსაც უნდა ვიცავდეთ და ვანიჭებდეთ სწორ ადგილს. ყველა მსურველს უნდა ჰქონდეს სკოლაში ამ ენების არჩევით შესწავლის საშუალება და არ უნდა ვემორჩილებოდეთ ცრუ შიშებს. ახალი ეპოქა ენის განვითარებას ახალ გამოწვევებს უყენებს. ჩვენი უძველესი ენისთვის უნდა შევძლოთ ახალ ეტაპზე გადასვლა, ახალი ტექნოლოგიების დაუფლება და ახალი სივრცეების გახსნა.
მსოფლიოში ამ ენაზე ცოტა ადამიანი საუბრობს, თუმცა ამ ენას მსოფლიოსთვის ბევრი საიდუმლო და ბევრი სიმდიდრე აქვს გასაზიარებელი, რაც დამოკიდებულია სწორედ იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ, ეს უძველესი ენა ყველაზე თანამედროვე საშუალებებით აღვჭურვოთ. პირველ რიგში, გვჭირდება ციფრული ინსტრუმენტები, როგორიცაა ქართული ენის კომპიუტერული მოდელი და მანქანური თარგმნის პროგრამები, რათა ქართულმა ენამ ციფრულ სივრცეში ახალი სიცოცხლე შეიძინოს.
დედაენის დღე შევარჩიე, რათა ღირსების მედლით დამეჯილდოებინა ადამიანები, ვინც სხვადასხვა კუთხით ემსახურებიან ქართული ენის გადარჩენასა და განვითარებას. ამისი ერთ-ერთი მაგალითია ვახტანგ ელერდაშვილი, რომელმაც მის ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანებთან ერთად სწორედ ციფრული ინსტრუმენტები შექმნა და ქართული ენა ციფრულ სივრცეში შეიყვანა. ზაქარია ფურძელაძემ კი, გერმანულ სამეცნიერო სივრცეში ქართული ენის კვლევითი მიმართულება გააცოცხლა და ქართული ენა გააჟღერა გერმანულ საზოგადოებრივ მაუწყებელზე. მაია დარჩია და ლელა ჟორჟოლიანი წლების მანძილზე ასწავლიან ქართულ ენას პრაღის კარლის უნივერსიტეტში, თარგმნიან და აცოცხლებენ მას. თანამედროვე მოთხოვნებმა არ უნდა დაგვავიწყოს ძველი ქართული ენის და მწერლობის კვლევები, რომლებიც გვიხსნიან იმ მდიდარ საფუძველს, რასაც ქართული ენა ეყრდნობა. ამ მიმართულებით გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის ვაჯილდოებ პროფესორ ენრიკო გაბიძაშვილს. ყველას გილოცავთ ამ დღეს საქართველოში და მის ფარგლებს მიღმა, რამეთუ ქართული ენა გვაერთიანებს, გვაძლიერებს და ქმნის ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების მყარ საფუძველს. უცხოეთში გაზრდილ ყველა ახალგაზრდას ვუსურვებ ისწავლოს, დაიცვას და გაითავისოს ქართული ენა. ეს არის ყველაზე დიდი მომავლის იმედის ნიშანი – სახელმწიფო გაძლიერების, გაერთიანების და ევროპულ ოჯახში ღირსეული დაბრუნების. გილოცავთ დღევანდელ დღეს“, – ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.