სალომე ზურაბიშვილი - ელჩისა და მთლიანად საელჩოს მოვალეობაა, იყვნენ სადარაჯოზე და აქტიურად ებრძოლონ საქართველოს საგარეო კურსზე დეზინფორმაციას
სალომე ზურაბიშვილი - ელჩისა და მთლიანად საელჩოს მოვალეობაა, იყვნენ სადარაჯოზე და აქტიურად ებრძოლონ საქართველოს საგარეო კურსზე დეზინფორმაციას

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში „ელჩების კონფერენციის“ მონაწილე ქართველ დიპლომატებთან შეხვედრაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით ისაუბრა.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს გზა ევროპისკენ და ნატო-სკენ უცვლელია და ამ გზას ალტერნატივა არ აქვს.

„მსოფლიო არ უნდა გვიცნობდეს მხოლოდ კონფლიქტების ჭრილში, მხოლოდ ამით არ უნდა გვსაზღვრავდეს. უნდა გვიცნობდნენ, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის სრულყოფილ წევრს. მაშასადამე, როგორც ქვეყანას, რომელიც ჩართულია ყველა გლობალურ გამოწვევებთან ერთობლივ ბრძოლებში. ეს იქნება ტერორიზმის წინააღმდეგ სამშვიდობო მისიებში, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში, გარემოს დაცვაში და ა.შ. ჩვენი გზა ევროპისა და ნატო-სკენ ნათელი და უცვლელია. ნატო-სა, თუ ევროკავშირის შიდა გამოწვევები ჩვენზე ვერ იქონიებს გავლენას და არ შეგვაცვლევინებს გეზს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ კონსტიტუციაში გვიწერია ეს მიზანი, არამედ იმიტომ, რომ რეალობაში არ არსებობს სხვა გზა, ამ გზის რაიმე ალტერნატივა, თავისუფალი განვითარების სხვა პერსპექტივა. ამიტომ, საქართველოს მოსახლოება სხვა არჩევანს ვერ და არ გააკეთებს“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა, რომ მისი განცხადებით, ზოგჯერ უცხოეთში საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ელჩისა და მთლიანად საელჩოს მოვალეობაა, იყვნენ სადარაჯოზე და აქტიურად ებრძოლონ დამახინჯებულ ინფორმაციებს.

„ვწუხვარ, რომ ზოგჯერ ვრცელდება უცხოეთში ჩვენი ქვეყნის ორიენტაციებზე დეზინფორმაცია, დეზინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს და საქართველო ორიენტაციას იცვლის. ვფიქრობ, რომ ელჩისა და მთლიანად საელჩოს მოვალეობაა, იყვნენ სადარაჯოზე და აქტიურად ებრძოლონ დამახინჯებულ ინფორმაციებს. ქვეყნის სახის იმიჯის შეცვლა და მისი დამახინჯება ვერავინ უნდა გაბედოს“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.