სალომე ზურაბიშვილი - ვიხილეთ შეტევები ეკლესიაზე, მის ლიდერზე, საზოგადოების რეაქციამ დაამტკიცა ჩვენი შესაძლებლობები მსგავს მანიპულაციებთან გასამკლავებლად
სტაბილურობის გამოწვევები არა მარტო სამხედრო ხასიათისაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე (GDSC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის შეფასებით, ბოლო დროს საქართველოს ეკლესიასა და მის ლიდერზე დესტრუქციული ხასიათის შეტევები ხორციელდებოდა, თუმცა საზოგადოების კონსოლიდირებულმა რეაქციამ აჩვენა შესაძლებლობები მსგავსი მანიპულაციების წინააღმდეგ.
„ჩვენ ვიხილეთ ბოლო დროს ფეიკური ახალი ამბები, როგორ ემუქრება ჩვენი საზოგადოების საფუძველს. ეს იყო დესტრუქციული შეტევები საქართველოს ეკლესიასა და მის ლიდერზე. საბედნიეროდ, საზოგადოების კონსოლიდირებულმა რეაქციამ, როდესაც ასეთი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით, დაამტკიცა მოწიფულობა და შესაძლებლობები მსგავს მანიპულაციებთან გასამკლავებლად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების (GDSC) რიგით მე-13 კონფერენცია ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ მიმდინარეობს.