სალომე ზურაბიშვილი - ძალადობა მიუღებელია, ვგმობ დღეს განვითარებულ მოვლენებს, მიუღებელია ყველანაირი წაქეზება, რაც ხელს უწყობს რადიკალურ ქმედებებს
ძალადობა მიუღებელია, ვგმობ დღეს განვითარებულ მოვლენებს და ძალადობის ნებისმიერი სახითა და ფორმით გამოვლინებას, ადამიანების დევნას განსხვავებული აზრის ან გენდერული იდენტობის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
ზურაბიშვილის თქმით, ყველას აქვს უფლება, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს ყველას, იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში და რადიკალური ქმედებებით ხელი არ შეუწყოს ძალადობის პროვოცირებას.
„ძალადობა მიუღებელია, ვგმობ დღეს განვითარებულ მოვლენებს და ძალადობის ნებისმიერი სახითა და ფორმით გამოვლინებას, ადამიანების დევნას განსხვავებული აზრის ან გენდერული იდენტობის გამო. ყველას აქვს უფლება, გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი!
მოვუწოდებ ყველას, იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში და რადიკალური ქმედებებით ხელი არ შეუწყოს ძალადობის პროვოცირებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ მიუღებელია მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები, ასევე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისებში შეჭრა და მათზე თავდასხმები.
„მოვუწოდებ ყველას თავშეკავებისკენ, შესაბამის ორგანოებს კი, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისა და ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების აღკვეთისაკენ!
მიუღებელია ყველანაირი წაქეზება, რაც ხელს უწყობს რადიკალურ ქმედებებს, საზოგადოების პოლარიზაციას, აღვივებს დაპირისპირებას, აზიანებს ქვეყანას, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სტაბილურობას!“ – ნათქვამია განცხადებაში.