სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გი რაიდერს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა დასაქმების, შრომისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს მიმართულებით პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე ისაუბრეს.
„ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ინკლუზიური სოციალური დიალოგი, რომელიც ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის საშუალებას იძლევა.
პრეზიდენტმა შეხვედრისას საქართველოში ტექნიკური დახმარების პროგრამების მოცულობის გაზრდის საკითხი დასვა, რაზეც ორგანიზაციის მხრიდან თანამშრომლობის მზაობა გამოითქვა, რათა მოხდეს ახალი რეგულაციების და დაცვის მექანიზმების ეფექტური დანერგვა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს პროფესიული უნარების განვითარების კუთხით, ILO -სა და განათლების სამინისტროს თანამშრომლობის შესახებ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.