დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დიასპორის წარმომადგენლებს მიმართავს. მიმართვა სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.
როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში იქნება დიასპორის წარმომადგენლების ინტერესების დამცველი.
„მოგმართავთ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, როგორც ემიგრაციაში დაბადებული და გაზრდილი ქართველი, როგორც სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქე და როგორც თქვენი მომავალი პრეზიდენტი. ვიქნები თქვენს გვერდით და პირველივე დღიდან თქვენი ინტერესების დამცველი საპრეზიდენტო რანგში, როგორც ვიყავი საპარლამენტო ტრიბუნიდან. თქვენ იცით, რომ ხუთი წლის წინ დავიწყეთ მე და სხვა ემიგრანტებმა ბრძოლა, რათა შეცვლილი ყოფილიყო კონსტიტუციაც და კანონმდებლობაც, რომელიც გვიკრძალავდა ორმაგ მოქალაქეობას. ეს ბრძოლა შედეგიანად დასრულდა. დღეს უკვე კონსტიტუცია შეცვლილია”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, საკმაოდ დამაფიქრებელი ფაქტია, რომ დაახლოებით მილიონ ნახევარი ემიგრანტებიდან მხოლოდ 45 ათასი არის დარეგისტრირებული და მათ შორის ძალიან მცირე პროცენტმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.
„ეს ციფრები იმის მანიშნებელია, რომ არსებობს ერთგვარი გულგრილობა ქვეყნის შიგნით მოვლენების განვითარების მიმართ და საჭიროა, რომ გაძლიერდეს თქვენი პოლიტიკური ჩართულობა”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა იმ ინიციატივებზეც ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში გეგმავს.
„მინდა, გესაუბროთ იმ ინიციატივებზე, რომელზეც იმუშავებს საპრეზიდენტო ადმინისტრაცია და პრეზიდენტი. ერთი ასეთი ინიციატივა არის ადმინისტრაციასთან არსებული საკოორდინაციო საბჭო ემიგრანტულ ორგანიზაციებთან ერთად, რომელშიც საპატრიარქო უნდა იყოს ჩართული. არის დიასპორის სახლის შექმნის ინიციატივა, სადაც უნდა იყოს ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რაც თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ დაბრუნების დროს, ან თუ აქ ჩამოდიხართ დროებით, ან სასწავლებლად, ასევე დისტანციური სერვისი, რომელიც მოგცეთ ერთი ფანჯრის ფორმით საშუალებას, რომ გარედანაც მიიღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია ქვეყნის შესახებ. მინდა, როგორც მომავალმა პრეზიდენტი გითხრათ, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა თქვენ იგრძნოთ, რომ ეს ქვეყანა თქვენია, პრეზიდენტი თქვენია, თქვენი დაბრუნება და ქვეყნის განვითარებაში თქვენი ჩართვა, არის უმაღლესი ჩვენი ერთობლივი მიზანი. მჯერა, რომ თქვენ ბევრად აქტიურად მიიღებთ მონაწილეობას მეორე ტურში, რადგან ახლა საუბარია იმაზე, რომ ეს უნდა იყოს თქვენი პრინციპული არჩევანი. საქართველო დგას გზაგასაყარზე, თუ გსურთ, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს ისეთივე ევროპული, დემოკრატიული, განვითარებული, როგორც ის ქვეყნები, სადაც დღეს ცხოვრობთ, აუცილებელია, ჩაერთოთ არჩევნებში და გააკეთოთ პრინციპული არჩევანი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.