სალომე ზურაბიშვილი - დიასპორა, უპირველესად, წავიდა რეგიონებიდან, ეს არის ეკონომიკური განვითარების საკითხი, რომელიც უნდა გადავლახოთ
ჩვენ უნდა გადავლახოთ ეს პრობლემა, რომ რეგიონები არის ნაწილობრივ დაცლილი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში დიასპორის საკითხებზე მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დიასპორა, უპირველესად, წავიდა რეგიონებიდან. ეს არის ჩვენი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი. ეკონომიკაში ცნობილია, რომ ქვეყანა, სადაც დედაქალაქია ძირითადად განვითარებული და რეგიონები არ არის, ვერ ითვლება განვითარებულ ქვეყნად. უნდა გადავლახოთ ეს პრობლემა, რომ ჩვენი რეგიონები ნაწილობრივ დაცლილია. იქ დარჩა უფროსი თაობა და ცხადია, ახალგაზრდა ნაწილი წავიდა. მათი დახმარება გვჭირდება სწორედ თავიანთ რეგიონებში. ჩვენ ვხედავთ, რომ იწყება დაბრუნების პროცესი. მე რეგულარულად დავდივარ რეგიონებში და ვნახე მთის კურორტებში დაბრუნებული ახალგაზრდები. არცერთი დაბრუნება არ არის ისეთი ღირსეული და შედეგიანი, როგორც დაბრუნება საკუთარ რეგიონში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.