სალომე ზურაბიშვილი - გვაქვს უფლება, უნდა ვითხოვდეთ და მივაღწიოთ, რომ შევიდეთ სრულყოფილად ევროპის კულტურულ სივრცეში
კულტურა საქართველოსთვის არ არის მხოლოდ სიტყვა კულტურა, ეს არის საქართველოს არსი, ისტორია, წარსული და მომავალი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პროექტის „საქართველო, ევროპა“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, კულტურის გარეშე საქართველო დღემდე არ მოვიდოდა, საქართველო გადაურჩა საუკუნეებს, შემოტევებს, შევიწროებებს, ეს სასწაული დაკავშირებულია კულტურასთან, თავის ევროპულ, ქრისტიანულ კულტურასთან.
„ჩვენ საუკუნეების მანძილზე ამ ქვეყნიდან გავდიოდით არა ჯარებით, არამედ მონასტრების აშენებით, გავდიოდით კულტურით და დღესაც გავდივართ კულტურით. თუ საქართველოს ცნობადობა არსებობს დღეს უცხოეთში და ევროპაში, სწორედ კულტურით, ეს არის ჩვენი დიდი ძალა, ძალიან დიდი მონაპოვარი და ძალიან დიდი რესურსი. ჩვენ რესურსებზე რომ ვლაპარაკობთ, არც გაზი გვაქვს და არც ნავთობი, მაგრამ გვაქვს კულტურა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში შემოვიდა ევროპული კულტურა, თავისი კანონმდებლობითა, წესრიგით და სწორედ ამან განაპირობა ქვეყნის დღევანდელი განვითარება.
„საქართველო დაუბრუნდა თავის დემოკრატიულ წარსულს, უკვე შორეულ წარსულს, რომელიც შეწყვეტილი იყო, მაგრამ ამას დავუბრუნდით ევროპის მეშვეობით, ევროპა ამაში არის მთავარი გვერდში მდგომი და მხარდამჭერი. ეს არ არის ერთმხრივი გზა, ჩვენც შევდივართ ევროპაში. ევროპულ კულტურაში ნახსენები იყო ყველა ნაბიჯები, რაც გადაიდგა და რასაც ჯერ კიდევ ვაპირებთ, მაგრამ მე მგონი ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს კიდევ მეტი ამბიცია. ჩვენ გვაქვს უფლება, უნდა ვითხოვდეთ და მივაღწიოთ, რომ შევიდეთ სრულყოფილად ამ კულტურულ სივრცეში, რომელსაც ვეკუთვნით. შეიძლება ჯერ არ ვიყოთ მზად ბოლომდე სოციალური კანონმდებლობით, ფინანსებით, თუ ეკონომიკით, შესაძლოა, ჯერ კიდევ საჭირო იყოს, რომ დონე აიწიოს ქვეყნის, რათა ამ ევროპულ სივრცეში სრულყოფილად მიგვიღონ. კულტურას რაც ეხება, ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და უნდა ვიყოთ აღიარებული, როგორც ევროპის ნაწილი. ეს არის წინაპირობა, ყველაფერი დანარჩენი ჩვენი ურთიერთობების ეს არის ძირითადი ჩვენი არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა და ეს არის რისკენაც მივდივართ, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის, საზოგადოებისთვის იქნება ყველაზე ნაღდი ნიშანი, რომ ჩვენ რაღაცაა შორეულ პერსპექტივად კი არ ველოდებით, ჩვენ დღეს უკვე ვართ ევროპა, ევროპის კულტურის ნაწილი და ხვალინდელი ამ დიდი ევროპის სრულყოფილი წევრი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.