სალომე ზურაბიშვილი - ევროპაში პილიგრიმობის გზით დღეს ბევრი ადამიანია დაინტერესებული და მეც ვაპირებ, პირველ ივნისს წმინდა ნინოს გზა გავიარო
საქართველოს პრეზიდენტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას – „კულტურული მარშრუტები – საქართველო, ევროპა“ დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
პრეზიდენტმა კულტურულ მარშრუტებზე საუბრისას ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის მიმართულებით. პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენი გეზის ევროპაში შევაღწიოთ ყველა საშუალებით და ამ გზაზე ვერავინ ვერ გაგვაჩერებს.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს კულტურული მარშრუტები ძალიან საინტერესო ინსტრუმენტია, რომელიც ევროპას დაანახებს, რა არის საქართველო.
,,ამ გზებით ევროპელები მიხვდებიან, რამდენად ევროპულია საქართველო. ეს მარშრუტები მნიშვნელოვანია როგორც კულტურული და ტურისტული კუთხით, ასევე ეკონომიკური და რეგიონული თვალსაზრისითაც. ეს მარშრუტები ჩვენი რეგიონების აღმოჩენა იქნება, რადგან ეს არის რეგიონების პირდაპირი და სწორი განვითარების გზა. ამ მარშრუტების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს არქეოლოგიის, ტრადიციების, რელიგიის მიმართულება, რადგან დღეს ევროპაში პილიგრიმობის გზით ბევრი ადამიანია დაინტერესებული და მეც ვაპირებ. პირველ ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რომ საქართველო და კერძოდ, ქუთაისი ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების მე-11 ფორუმს უმასპინძლებს.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.