სალომე ზურაბიშვილი - დღეს ბევრი საუბარია სასამართლო რეფორმაზე, საჭიროა გავიხსენოთ, რაც ჩვენს ტრადიციებში არსებობს და გამოვიყენოთ სვანური სამართლის ძეგლები
დღეს ბევრი საუბარია სასამართლო რეფორმაზე, რომელიც ერთ-ერთი და მთავარი გასაკეთებელი საკითხია ჩვენი ევროპული გზისთვის, ამ რეფორმების დროს საჭიროა გავიხსენოთ, რაც ჩვენს ტრადიციებში არსებობს და გამოვიყენოთ სვანური სამართლის ძეგლები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მესტიაში ტაძრის საგანძურის მცველებისა და სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორის მოადგილის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.
პრეზიდენტმა ისაუბრა სვანური ენის მნიშვნელობაზეც.
„თქვენ იცით, მე როგორ ვაფასებ სვანურ ენას, ეს არ არის მხოლოდ დაფასება. სვანური ენა აუცილებლობაა, აუცილებლობა თქვენთვის, რომ დარჩეთ და იპოვოთ საკუთარი თავი. მე არ გჭირდებით ამის გასაგებად და ამის სათქმელად. სვანური ენა სჭირდება საქართველოს, რადგან რეალურად ჩვენი კულტურა და ქართული ენა დიდწილად სწორედ სვანურ ენაზეა დაფუძნებული და თქვენ თუ აღარ ისაუბრებთ სვანურად, ჩვენც დავკარგავთ ამ ძალიან დიდ და მდიდარ ენას და ქვეყანამ, რომელსაც აქვს ასეთი მდიდარი სამი ენა, როგორ შეიძლება, არ იამაყოს ამით, გარეთ არ გავიტანოთ და რაღაც, ჩემთვის გაუგებარი და უაზრო შიშებიდან გამომდინარე, არ განვავითაროთ ის, რაც გვაქვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, პრეზიდენტის თქმით, რეფორმის დროს საჭიროა სამართლის ძეგლების გახსენება.
„იგივეს ვიტყოდი სვანურ სამართალზე. თქვენ იცით, რომ დღევანდელ დღეს ძალიან ბევრი საუბარია სასამართლო რეფორმაზე, რომელიც ერთ-ერთი და მთავარი გასაკეთებელი საკითხია ჩვენი ევროპული გზისთვის. ამ რეფორმების დროს საჭიროა, გავიხსენოთ ის, რაც ჩვენს ტრადიციებში არსებობს (სვანეთშიც, თუშეთშიც, მაგრამ სვანეთში ბევრად უფრო დახვეწილი და განვითარებული ფორმით) და გამოვიყენოთ სვანური სამართლის ძეგლები.
მაგალითად, დღეს ძალიან საჭიროა მედიატორობა, სასამართლოები უკვე ვეღარ ასწრებენ სარჩელების შესწავლას და ამდენად, ეს მედიატორის ინსტიტუტი ახალ მნიშვნელობას იძენს და ძალიან პოპულარულია. ეს ტრადიცია აქ არსებობს და რატომ ვიგონებთ ახალს, რაც უკვე გამოგონილია და აქ, სვანებმა უნდა თავიანთი თავი და იდენტობა გამოაჩინონ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.