სალომე ზურაბიშვილი - დღეს აქ ოპოზიციის ცალკეული რიგები ცარიელია, ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტი მნიშვნელოვანი დებატების ადგილად ვაქციოთ
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, ქვეყნის მდგომარეობის მნიშვნელოვან საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას მიღწევებთან ერთად, საქართველოში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.
ზურაბიშვილმა ერთ-ერთ გამოწვევად დაასახელა პოლარიზაცია, რომელიც, პრეზიდენტის განმარტებით, კრიტიკას უხეში დაპირისპირებით ანაცვლებს.
ზურაბიშვილის თქმით, სწორედ ამის გამო დღეს პარლამენტში ოპოზიციის ცალკეული რიგები ცარიელია ნაცვლად იმისა, რომ საკანონმდებლო ორგანო მნიშვნელოვანი დებატების ადგილად აქციონ.
„გავიარეთ ყველა საფეხური დემოკრატიის მშენებლობისა. გამოვირჩევით შეუზღუდავი სიტყვის თავისუფლებით, პოლიტიკური და ადამიანის უფლებათა დაცვით, თუმცა, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს. დემოკრატიის ერთ-ერთი დამახასიათებელი სწორედ ისაა, რომ რეფორმების ბოლო ტალღა ყველაზე რთულია და რომ არც ერთი მიღწევა საბოლოოდ არაა გარანტირებული. ამიტომ სჭირდება დემოკრატიას გაფრთხილებაც და ერთიანობაც. დღეს მისი მთავარი მტერი, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, პოლარიზაციაა, პოლარიზაცია, რომელიც კრიტიკას უხეში დაპირისპირებით ანაცვლებს. ამის გამო დღეს აქ ოპოზიციის ცალკეული რიგები ცარიელია, ნაცვლად იმისა, რომ ახლახან შემოღებული საპარლამენტო სისტემის უპირატესობა გამოვიყენოთ და ეს ადგილი მნიშვნელოვანი დებატების ადგილად ვაქციოთ“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.