სალომე ზურაბიშვილი - დასრულდა ჩვენი მონაწილეობა სამშვიდობო მისიაში, არ დასრულდება ჩვენი ერთობა და სოლიდარობა, ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩვენი ქვეყანა არის საიმედო პარტნიორი
სალომე ზურაბიშვილი - დასრულდა ჩვენი მონაწილეობა სამშვიდობო მისიაში, არ დასრულდება ჩვენი ერთობა და სოლიდარობა, ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩვენი ქვეყანა არის საიმედო პარტნიორი

დასრულდა ჩვენი მონაწილეობა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, არ დასრულდება ჩვენი ერთობა და სოლიდარობა, ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩვენი ქვეყანა არის საიმედო პარტნიორი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სენაკის სამხედრო ბაზაზე, ავღანეთის საერთაშორისო მისიის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს მისიაში მონაწილეობისთვის.

მისი განცხადებით, დღევანდელი ქართული ჯარი გმირების მაგალითსა და სულისკვეთებაზე დგას, რომელმაც იბრძოლა და მშვიდობისა და თავისუფლებისთვის როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო მისიებში.

„დღეს ქართული ჯარისთვის და სრულიად საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს თავდაცვის ძალებმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისია დაასრულა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 000-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო, საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფას თავდაცვის ძალების 32-მა სამხედრო მოსამსახურემ შესწირა თავი. ქედს ვიხრით დაღუპულთა წინაშე. ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას მათ მიმართ, ვინც საკუთარი ჯანმრთელობა შესწირა ქვეყნის დამოუკიდებლობის და მსოფლიო მშვიდობისთვის ბრძოლას. მოხარული ვარ, რომ დღეს მხედრული მამაცობისთვის მედლით დავაჯილდოებ რვა სამხედრო მოსამსახურეს, რომელთა შორის არიან ის სამხედროები, ვინც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად პირნათლად შეასრულა მოვალეობა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა სამშვიდობო მისიის წარმატებით დასრულებაში.

დღეს საქართველოს ძლიერი თავდაცვის ძალები ჰყავს. დღევანდელი ქართული ჯარი გმირების მაგალითსა და სულისკვეთებაზე დგას, რომელმაც არაერთი ომი გამოიარა, იბრძოლა და იმსახურა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის საკუთარ ქვეყანაში, იბრძოლა და იმსახურა საერთაშორისო მისიებში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ქართულმა ჯარმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის სახელმწიფოს მთავარი დამცველი და საყრდენი ძალა. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა და გვაქვს ამბიცია, გავხდეთ მაგალითი სხვებისთვის. საქართველო ნატო-ს პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს მის ღირებულებებსა და უსაფრთხოების პრინციპებს. ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩვენი ქვეყანა არის საიმედო და ღირსეული პარტნიორი რეგიონალური და გლობალური გამოწვევების დასაძლევად. სწორედ ამ პარტნიორობის შედეგი იყო საქართველოს, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყნის მონაწილეობა მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, გრძელდება ბრძოლა დასავლური არჩევანისა და ღირსეული მომავლისთვის, ბრძოლა დამოუკიდებლობის, სტაბილურობისა და მშვიდობისთვის როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

„უმნიშვნელოვანესია, რომ ვეტერანებმა კვლავ განაგრძონ საქართველოს სამსახურში ყოფნა, მონაწილეობა მიიღონ მომავალი თაობის აღზრდაში. სამშობლოს დაცვის ვალდებულება უწყვეტი თავდადებისა და ერთგულების ვალდებულებაა. საქართველო არასოდეს შეწყვეტს სწფავას ნატო-სკენ, ყოველთვის იქნება საკუთარი ვალდებულებების კეთილსინდისიერი შემსრულებელი. დასასრულს, სიამაყით აღვიშნავ, თანამედრეოვე, ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გვაახლოვებს ალიანსის წევრობასთან. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი პარტნიორების წვლილი, რომლის ჯარისკაცებთან ერთად იბრძოდით თქვენ. დასრულდა ჩვენი მონაწილეობა ამ საშვიდობო მისიაში, 31 ავისტოს დასრულდება თვით მისიაც. არ დასრულდება ჩვენი ერთობა, ჩვენი სოლიდარობა და ერთიანი ბრძოლა. მე მინდა, თქვენ ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. გაუმარჯოს ქართულ ჯარს, გაუმარჯოს საქართველოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.