სალომე ზურაბიშვილი - დასახელება არ დამჭირდა, ვინ იყო „შავი ძალის“ ორი სახე, თხუთმეტი წუთიც არ გასულა, თავიანთი თავი ამოიცნეს
სალომე ზურაბიშვილი - დასახელება არ დამჭირდა, ვინ იყო „შავი ძალის“ ორი სახე, თხუთმეტი წუთიც არ გასულა, თავიანთი თავი ამოიცნეს

დასახელება არ დამჭირდა, ვინ იყო „შავი ძალის“ ორი სახე, რადგან ჩემი განცხადებიდან თხუთმეტი წუთიც არ გასულა, მათ თავიანთი თავი ამოიცნეს, გამოვიდნენ და თავად დააკონკრეტეს, გამოწვევას ვიღებთ და დებატებში მონაწილეობას ვიღებთო, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„მე ვიგულისხმე ერთი შავი ძალის ორი სახე და არა ორი სხვადასხვა ძალა. სამწუხაროდ, ეს ბევრად უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ რაღაც ფორმით, მგონი, იმ ბრძოლის ლოგიკურ დასასრულამდე მივდივართ, რომელიც იპოდრომზე ქაჯების სახელით დაიწყო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამ განცხადებით სალომე ზურაბიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ვინ იგულისხმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, როცა სპეციალური განცხადება გააკეთა და „შავი ძალის“ ორი სახე დებატებში გამოიწვია.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ყველა ტელეარხზე, ამა თუ იმ ფორმით, მხოლოდ მისი სახელი ისმის, ამომრჩეველს კი აინტერესებს, პრეზიდენტობის კანდიდატები რას სთავაზობენ.

„ამომრჩევლებს აინტერესებთ, არჩევანი რაზე გააკეთონ და არა ჩემი პიროვნების ირგვლივ კამათი, პირველ რიგში, უფრო ცილისწამება, შეურაცხყოფა და ა.შ.“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე განაცხადა, რომ ყოველთვის მზად არის, საზოგადოების წინაშე საკუთარი პოზიციები განავრცოს.

„მსურს, მოსახლეობას ჩემი პოზიციები და მრწამსი განვუმარტო, რისთვისაც მიუკერძოებელი სივრცეა საჭირო, მაგრამ სამწუხაროდ, ეს სივრცე ზოგიერთ ტელეარხზე არ არსებობს და ერთ-ერთმა ტელევიზიამ ჩემ მიმართ ბოიკოტიც კი გამოაცხადა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გადაცემის წამყვანმა პრეზიდენტობის კანდიდატს პირველი არხის შეთავაზების შესახებ კიდევ ერთხელ შეახსენა და აღნიშნა, რომ პირველი არხი მზად არის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ თანხმობის შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილს დრო დაუთმოს და დებატების გამართვა ტექნიკურად უზრუნველყოს.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „შავი ძალის“ ორივე სახეს იწვევს დებატებში და მათთან დებატებში მონაწილეობას მიიღებს ნეიტრალურ სივრცეში. სალომე ზურაბიშვილს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა „შავი ძალის“ ორ სახეში.