სალომე ზურაბიშვილი - დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მთელი ისტორია შეგვახსენებს, რომ იგი მუდმივად დასაცავი მონაპოვარია
დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მთელი ისტორია შეგვახსენებს, რომ იგი მუდმივად დასაცავი მონაპოვარია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიება სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გასულ წელს ჩვენ აღვნიშნეთ დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი, რამაც მოგვცა საშუალება, გაგვეაზრებინა იმ გზის მნიშვნელობა, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ დღემდე გაიარა. ეს არის გზა საქართველოს დაპყრობიდან მის გათავისუფლებამდე; ეს არის გზა სახელმწიფოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებისა! გასულ წელს ჩვენ გავიხსენეთ ისინი, ვინც წინ უძღოდნენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და საფუძველი ჩაუყარეს 1918 წელს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებას.
დღეს მერაბ ოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა, 31 მარტს კი ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავი აღვნიშნეთ. მათი ბრძოლის გარეშე, იმ ადამიანების გარეშე, ვინც საბჭოთა ოკუპაციის პირობებში იბრძოდა თავისუფლებისთვის, საქართველო ვერ დაიბრუნებდა წართმეულ დამოუკიდებლობას 1991 წელს.
დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მთელი ისტორია შეგვახსენებს, რომ იგი მუდმივად დასაცავი მონაპოვარია. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვაშენოთ, გავაძლიეროთ, დავიცვათ ის მთავარი საყრდენები, რაზეც სახელმწიფოებრიობა დგას. მისი განმტკიცებისთვის, დღევანდელი გამოწვევების ფონზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების გაძლიერება, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება და მომავალზე სწორება“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ჩვენს საზოგადოებას დიდი დაღი დაასვა ტოტალიტარიზმმა. „მისგან საბოლოოდ, ყოველმხრივ გათავისუფლება არის ერთ-ერთი რთული გამოწვევა, ბევრად უფრო რთული, ვიდრე დამოუკიდებლობის პირველ წლებში წარმოგვედგინა. საბჭოური აზროვნების ნაშთები დღესაც გვაბრკოლებს, უკან გვწევს და ხელს უშლის ჩვენს თავისუფალ, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. განსხვავებული აზრის მიუღებლობა, შიდა მტრის მუდმივი ძებნა, შეთქმულების თეორიების შეთხზვა და გავრცელება საბჭოური აზროვნების მაგალითებია.
დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში საკუთარი თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება და სახელმწიფოებრივი აზროვნება მთავარი იარაღია. მხოლოდ თავისუფალი, საკუთარ თავში დარწმუნებული და შერიგებული საზოგადოება შეძლებს სახელმწიფოს გაძლიერებას, მის გაერთიანებასა და გამთლიანებას. იმისათვის, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს – მივაღწიოთ ოკუპაციის დაძლევას, გამთლიანებას, ოკუპაცია, პირველ რიგში, ჩვენს თავში უნდა დავძლიოთ!“,- განაცხადა პრეზიდენტმა.