სალომე ზურაბიშვილი - დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ საოკუპაციო ხაზი გაივლის ჩვენს ტერიტორიაზე
დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ საოკუპაციო ხაზი გაივლის ჩვენს ტერიტორიაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიება სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ ქვეყანა არ გამთლიანდება, ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერა. დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ საოკუპაციო ხაზი გაივლის ჩვენს ტერიტორიაზე.
დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის მძევლები იქნებიან. რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის ნიშანია ასევე მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცების ფაქტები. ამის ერთ-ერთი უახლესი მაგალითია ირაკლი კვარაცხელიას ტრაგედია. რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის გამოხატულებაა სამხრეთ ოსეთის დიდ სამხედრო ბაზად გადაქცევა და გამსვლელი პუნქტების ჩაკეტვა. ამ პოლიტიკას ჩვენ დავამარცხებთ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკით და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებით!
ჩვენი პირველი გამარჯვება ის არის, რომ ომმა და ოკუპაციამ ვერ გადაგვახვევინა ჩვენი მთავარი გზიდან. საქართველოს ყველგან აღიარებენ, როგორც მოწინავე ქვეყანას ევროპასთან და ნატ-ოსთან ინტეგრაციის გზაზე; აღიარებენ, როგორც სტაბილურობის კუნძულს. საქართველოს ასეთი შეფასება საზღვარგარეთ ყველგან მხვდება და მეამაყება“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.