სალომე ზურაბიშვილი - დაძაბულობის შემცირებისა და კონფლიქტის მოგვარებაზე გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდებები საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოსმენილი და გაგონილი არ იყო
დაძაბულობის შემცირებისა და კონფლიქტის მოგვარებაზე გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდებები საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოსმენილი და გაგონილი არ იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ქორთიარდ მერიოტში“ განაცხადა, სადაც პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილების შესახებ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს პრეზიდენტი ბოლო პერიოდში საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქების დაკავების ფაქტებს გამოეხმაურა.
„განახლებული დაძაბულობა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, ადმინისტრაციულ საზღვართან, „კოვიდისა“ და გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდების მიუხედავად, დაძაბულობის შემცირებისა და კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით, მოსმენილი და გაგონილი არ იყო. ბოლო ორი თვის განმავლობაში თითქმის ყოველდღე მძევლების აყვანის ახალი შემთხვევებია. ბორდერიზაცია გრძელდება. ნაწილობრივ მოხდა გადასასვლელი პუნქტების გახსნა. ამან მოიტანა მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია იმ ხალხისთვის, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და გამყოფი ხაზის მეორე მხარეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.