სალომე ზურაბიშვილი - ჩვეული გაუტეხავი სულისკვეთება იყო ჩვენი რეაქცია 2008 წლის ომის ტრაგედიაზე, რასაც რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოჰყვა
სალომე ზურაბიშვილი - ჩვეული გაუტეხავი სულისკვეთება იყო ჩვენი რეაქცია 2008 წლის ომის ტრაგედიაზე, რასაც რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოჰყვა

ჩვეული გაუტეხავი სულისკვეთება იყო ჩვენი რეაქცია 2008 წლის ომის ტრაგედიაზე, რასაც რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოჰყვა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ომი და კონფლიქტები ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილია.

„საუკუნეების განმავლობაში, საქართველოს არაერთი დამპყრობელი ახსოვს. თბილისი, საქართველოს დედაქალაქი თავისი არსებობის მანძილზე 26-ჯერ გადაუწვავს მტერს; მისი ტერიტორია ხშირად იყო დაპყრობილი, როგორც მოკლე, ისე ხანგრძლივი პერიოდების განმავლობაში; პერიოდულად რელიგია და თვით ქვეყნის იდენტობაც აქტიურად იდევნებოდა, მაგრამ იგი გადაურჩა ყველა განსაცდელს და დღეს ამაყად უკავია თავისი ადგილი ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნების რუკაზე.

სწორედ ჩვეული გაუტეხავი სულისკვეთება იყო ჩვენი რეაქცია 2008 წლის ომის ტრაგედიაზე, რასაც რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოჰყვა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტი, დღეს მე აქ ვსაუბრობ იმ ადამიანების გაჭირვებაზე, რომლებიც  ადმინისტრაციულ საზღვართან ცხოვრობენ. ცხოვრობენ იმ ზოლზე, რომელიც ნათესავებს ერთმანეთს აშორებს და სოფლებს ხლეჩს, სადაც უბედური შემთხვევები და პროვოკაციები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, სადაც აქტიურად მიმდინარეობს საზღვრების გადაწევა, რაც შეუძლებელს ქმნის ნორმალურ მშვიდობიან ცხოვრებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორივე ოკუპირებული რეგიონის საზღვრებზე განთავსებული გამშვები პუნქტები პერიოდულად იკეტება, რაც ადამიანების ტანჯვას იწვევს.

„მე ვსაუბრობ ჩვენი მოქალაქეების სახელით, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, სადაც მუდმივად ირღვევა ადამიანის უფლებები, იზღუდება გადაადგილების თავისუფლება, ჯანმრთელობისა და განათლების მომსახურების ხელმისაწვდომობა. ორივე რეგიონის საზღვრებზე განთავსებული გამშვები პუნქტები პერიოდულად იკეტება, რაც ადამიანების ტანჯვას იწვევს.

ჩემი გამოსვლით მსურს გავაფრთხილო მსოფლიო, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზური ენა (რომელიც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის მიერ) და აფხაზური იდენტობა განადგურების ზღვარზეა, აფხაზი ერის დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულად არის შემცირებული. აფხაზური ენის, იდენტობისა და ტრადიციების დაკარგვა სამყაროსათვის აღუვსებელი დანაკლისი იქნება. ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რათა დავიცვათ და გადავარჩინოთ ეს მდიდარი კულტურული მრავალფეროვნება, რის გამოც არაბები   კავკასიას „ენათა მთად“ მოიხსენიებდნენ.

მე ვსაუბრობ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სახელით, რომლებიც უკვე ათწლეულების მანძილზე ვერ უბრუნდებიან მამა-პაპისეულ სახლებსა და მიწა-წყალს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.