სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი ტრადიციული ღირებულებები, შემწყნარებლობა, ზრდილობა, სოლიდარობა სწორედ ის ღირებულებებია, რომელთა წყურვილიც არის დღევანდელ მსოფლიოში
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი ტრადიციული ღირებულებები, შემწყნარებლობა, ზრდილობა, სოლიდარობა სწორედ ის ღირებულებებია, რომელთა წყურვილიც არის დღევანდელ მსოფლიოში

ჩვენი ტრადიციული ღირებულებები შემწყნარებლობა, ზრდილობა და სოლიდარობა სწორედ ის ღირებულებებია, რომელთა წყურვილიც არის დღევანდელ მსოფლიოში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქართული ღირებულებები უძველეს ქართულ კულტურაზე დგას.

„სამწუხაროა, რომ ამ უძველესი კულტურის პატრონმა ერმა თითქოს დავივიწყეთ, რა არის კულტურა სინამდვილეში. კულტურა ხომ არც სხვადასხვა შემოქმედებითი დარგის ერთობლიობაა და არც გართობის ინდუსტრია. ღირებულებები, რომლებსაც ახლა ასე ვივიწყებთ, ქმნიდა იმ უნიკალურ ქსოვილს, რომელმაც საქართველოს საუკუნეების განმავლობაში გააძლებინა. ვფიქრობ, რომ სწორედ ჩვენს კულტურასთან ერთგვარმა გაუცხოებამ მისცა გასაქანი საზოგადოებაში შიშსა და უნდობლობას, შეთქმულების თეორიებსა თუ სიძულვილის ენას, ჩვენი კულტურისთვის სრულიად უჩვეულო მოვლენას, ძალადობას ქალთა მიმართ. გაუცხოების შედეგია რწმენისა და ეკლესიის შელახვის მცდელობები. თანამედროვე საზოგადოებაში, სადაც თავისუფლება სუფევს, ყველას აქვს და საქართველოში ყველას ყოველთვის ჰქონდა, აღმსარებლობის არჩევანის უფლება, თუმცა არავის აქვს უფლება, შელახოს ინსტიტუტი, რომელზეც იდგა და დგას საქართველოს დამოუკიდებლობა და ერთიანობა. ჩვენი ტრადიციული ღირებულებები: შემწყნარებლობა, ზრდილობა და სოლიდარობა სწორედ ის ღირებულებებია, რომელთა წყურვილიც არის დღევანდელ მსოფლიოში. სოლიდარობის გარეშე მსოფლიო ვერც ერთ დიდ გამოწვევას ვერ გაუმკლავდება. შემწყნარებლობას ალტერნატივა არა აქვს – ეს იყო გზავნილი ჰოლოკოსტის სამოცდამეთხუთმეტე წლისთავის აღსანიშნავ ფორუმზე, სადაც 43 ქვეყნის ლიდერები იყვნენ შეკრებილი. საქართველოს შემწყნარებლობის საკუთარი ტრადიცია აქვს, რომელიც უნდა გადავარჩინოთ და მსოფლიოს შევთავაზოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.