სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი მიზანი ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებაა
ჩვენი მიზანი თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ერთობლივი მრავალეროვნული წვრთნების „ღირსეული პარტნიორის“ დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან სამხედროებს მიულოცა მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ წარმატებით დასრულება მადლობა გადავუხადო სწავლებაში მონაწილე ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს.
„ჩვენი მიზანი თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებაა, რომელიც ეროვნული თავდაცვითი ამოცანების შესრულების გარდა, შეიტანს წვლილს შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში.
გლობალური პანდემიის მიუხედავად, მრავალეროვნული სწავლების საქართველოში ჩატარება უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით, მუდმივად მზარდი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.
საქართველო, პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უფრო ძლიერი და დაცულია. თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც დღეს.
ნატო საქართველოს სანდო და ერთგული პარტნიორია. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ალიანსი და მისი წევრი ქვეყნები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიულ და სტაბილურ ქვეყნად ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველო ნატო-ს სამაგალითო პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს ალიანსის ღირებულებებსა და უსაფრთხოების საერთო პრინციპებს.
„სწორედ ამ თანამშრომლობის ნათელი სიმბოლოა, რომ საქართველო, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანა, განაგრძობს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილეობას. ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველო არის საიმედო მეგობარი და ღირსეული პარტნიორი რეგიონალური და გლობალური გამოწვევების დასაძლევად.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამერიკის შეერთებულ შტატებს მინდა მადლობა მოვახსენო განსაკუთრებული ნდობისა და მხარდაჭერისათვის.
წლების განმავლობაში განსაკუთრებული ძალისხმევა იყო მიმართული ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რომელიც დღეს თვისობრივად ახალ დონეზეა.
აქვე მინდა, მადლობა მოვახსენო ნატო-ს წევრ ქვეყნებს ეფექტიანი და დინამიური თანამშრომლობისათვის და ერთობლივ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობისათვის.
სწორედ თანამედროვე, ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალები და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გვაახლოებს ალიანსის წევრობასთან, რომელიც ჩვენი მყარი მიზანია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.