სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი დამაჯერებელი ნაბიჯების საპასუხოდ, მივიღეთ ფინანსური დახმარების პირველი მასშტაბური ნაკადი, რომლის საფუძველზე კრიზისის დაძლევის გეგმა მუშავდება
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლა ყველა ქვეყანაში მძიმე და რთული იქნება.
„არავის, თუნდაც ძალიან მდიდარ და ჩვენზე ბევრად მდიდარ ქვეყნებს, არ აქვთ არც მზა ფინანსური რესურსები, არც სასწაულმოქმედი კომპლექსური ანტიკრიზისული გეგმა“ , – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, სადაც „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ ბრძანება დასამტკიცებლად წარადგინა.
ზურაბიშვილის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეძლო და ერთ-ერთმა პირველმა მიმართა საერთაშორისო საფინანსო და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებს.
„ჩვენი დამაჯერებელი ნაბიჯების საპასუხოდ მივიღეთ ფინანსური დახმარების პირველი მასშტაბური ნაკადი, რომლის საფუძველზე მუშავდება სწორედ კრიზისის დაძლევის გეგმა.
ამ დღეებში მთავრობისგან ამ გეგმის პრეზენტაციას ველოდებით და მაქვს მოლოდინი, რომ იგი უპასუხებს იმ მოქალაქეებისა და საწარმოების საჭიროებებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ, სოლიდარობისათვის ყველა მზად უნდა ვიყოთ“ , – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განმარტებით, სწორედ იმიტომ, რომ სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის სიმძიმე შემცირდეს და მოსახლეობაზე მისი შედეგები შემსუბუქდეს, საჭიროა, საგანგებო მდგომარეობა დღეს შენარჩუნდეს.