სალომე ზურაბიშვილი - საქართველო, ისევე როგორც ყველა აქ წარმოდგენილი ქვეყანა, აწყდება საერთო გლობალურ სირთულეებს
სალომე ზურაბიშვილი - საქართველო, ისევე როგორც ყველა აქ წარმოდგენილი ქვეყანა, აწყდება საერთო გლობალურ სირთულეებს

საქართველო პატარა ქვეყანაა ევროპის კიდეზე, რომელმაც გასული 28 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი რაოდენობით შოკი და ცვლილებები განიცადა, აღადგინა დამოუკიდებლობა, გახსნა საზღვრები, გადავიდა საბაზრო ეკონომიკაზე, გაუძლო ღია და გაჭიანურებულ კონფლიქტებს, ომსა და ოკუპაციას, – ამ სიტყვებით დაიწყო გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე ყრილობაზე გამოსვლა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილია აღნიშნა, ყველაფრის მიუხედავად, პატარა საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ დემოკრატიულ ქვეყანას წარმოადგენს, რომელიც ეკონომიკურად, სოციალურად ვითარდება და საკმაოდ რთულ რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთ მთავარ კუნძულს წარმოადგენს.

„ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ, მაგრამ კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოლიდარობა. ჩვენი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ვიცით, რომ რეგიონის განუყოფელ ნაწილს წარმოვადგენთ, სადაც მშვიდობის გარეშე გლობალური სირთულეების გადალახვა შეუძლებელია. ასევე კარგად გვესმის, რომ ჩვენი პლანეტის ხვედრი ჩვენი ხვედრია. საქართველო, ისევე როგორც ყველა აქ წარმოდგენილი ქვეყანა, აწყდება საერთო გლობალურ სირთულეებს, რაც დღევანდელი სამყაროსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს: ეს არის კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის გაუარესება, საყოველთაო და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, თითოეული მოქალაქისთვის განათლების მიღების შესაძლებლობა, სიღარიბის, უმუშევრობისა და სხვადასხვაგვარი უთანასწორობის დაძლევა. 2030 წლის დღის წესრიგში გაწერილი, მდგრადი განვითარების 17 მიზანი სწორედ აქეთ არის მიმართული და თითოეული მათგანი უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს მიზნები გვაჩვენებს, რომ რადიკალურად უნდა შევცვალოთ როგორც ჩვენი დამოკიდებულება სამყაროსადმი, ასევე ქცევის მოდელი. გლობალური გამოწვევების დაძლევა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ მათ აღვიქვამთ და ვეკიდებით, როგორც ერთიან მოვლენას, კომპლექსურ მრავალწახნაგოვან საფრთხეს. ეს სულაც არ გახლავთ იოლი. დღევანდელი სამყარო მეტისმეტად რთულია და ასევე რთულია ამ სამყაროს გამოწვევებზე რეაგირება. აუცილებელია უფრო სისტემური მიდგომის ჩამოყალიბება და მთლიანი სურათის გააზრება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს 2030 წლის მიზნების მისაღწევად, იგი ერთ ძალად შეკრებს საზოგადოების ყველა წევრს, კერძო თუ სახელმწიფო სფეროს წარმომადგენელს და იმოქმედებს თავის მეზობლებთან და პარტნიორებთან ერთად.

„სწორედ სოლიდარობა და ერთობლივი ძალისხმევა გახლავთ მთავარი ფაქტორი წარმატების მისაღწევად. სწორედ ამის გამო ვიმყოფებით ჩვენ ყველანი აქ დღეს. სწორედ ამიტომ გვწამს ყველა მხარის ერთობლივი ქმედების აუცილებლობა. ერთობლივ ძალისხმევას და თანამშრომლობას ალტერნატივა არ გააჩნია“,  – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.