ევროპული და ნატო-ს ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა 80%-ს აღწევს. ამ საკითხზე მოსახლეობაში კონსენსუსი არსებობს, რაც საქართველოს მომავლისთვის ძალიან მყარი საფუძველია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოქსფორდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპულ პერსპექტივას ალტერნატივა არ აქვს.
„როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დავინიშნე – მანამდე კი საფრანგეთში საქართველოს ელჩი გახლდით – როდესაც ადამიანებს ვესაუბრებოდი, დიპლომატიურ წრეებში მესმოდა შემდეგი სიტყვები: დაივიწყეთ, საქართველოს არასდროს ექნება საშუალება, ევროკავშირის სამეზობლოს ინიციატივას შეუერთდეს, თქვენ ძალიან შორს ხართ, თურქეთზე შორს. მაგრამ ძალიან მალე ჩვენ გაგვიჩნდა შესაძლებლობა, ევროკავშირის სამეზობლო ინიციატივას შევერთებოდით. შემდეგ შევუერთდით აღმოსავლეთ პარტნიორობას, გავაფორმეთ ასოცირების შეთანხმება, მოვახდინეთ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია, გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. დაბოლოს, ყველაზე მნიშვევნელოვანი ნაბიჯი. ვფქრობ, ამ ნაბიჯს ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ აფასებს ვერც საქართველოს მოსახლეობა და ვერც, შესაძლოა, ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი, რომელმაც ევროპული პერსპექტივა მოგვცა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ამავე დროს, ჩვენ ვერ მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც მიიღო „ასოცირებულ ტრიოში“ ჩვენმა ორმა მეგობარმა და პარტნიორმა სახელმწიფომ. ამან საქართველოს მოსახლეობაში გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია, რადგან მათ იცოდნენ, რომ, ტექნიკური თვალსაზრისით, ჩვენ, შესაძლოა, უფრო წინ ვართ წასული, მათ შორის კანონმდებლობის კუთხით ან შიდა რეფორმებით, რომლებიც ევროინტეგრაციის გრძელ, 30-წლიან გზაზე იყო გატარებული.
ასე რომ, გარკვეული იმედგაცრუება იყო, თუმცა ამავე დროს არსებობს გაგება და აღიარება იმ ფაქტისა, რომ ჩვენ მიერ ევროპული პერსპექტივის მიღება და დანარჩენი ორი სახელმწიფოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება იყო, არსებითად, უკრაინელი ხალხის ბრძოლის დამსახურება და იყო გარკვეული პოლიტიკური მიზეზი, რომ ორმა ყველაზე მეტად დაუცველმა ქვეყანამ მიიღო სტატუსი და საქართველო იმ დროს არ იყო ასე პირდაპირ დაუცველი და მისი შეფასება სხვა დამსახურებებით მოხდა. ამ განსხვავების ასახსნელად დასახელდა გარკვეული პოლიტიკური მიზეზები. ეს გზა ევროპისკენ საქართველოსთვის არსებითია.
მნიშვნელოვანია, დავინახოთ, რომ ამ წლების განმავლობაში ევროპული და ნატო-ს ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა 80%-ს აღწევს და ამ საკითხზე მოსახლეობაში კონსენსუსი არსებობს. ეს კი გახლავთ ძალიან მყარი საფუძველი საქართველოს მომავლისთვის. ევროპულ პერსპექტივას ალტერნატივა არ აქვს. თუ შეხედავთ რუკას, ცხადი გახდება, რომ 3.5-მილიონიან პატარა ქვეყანას სხვა არჩევანი, გარდა ევროპისა, არ აქვს.
შავი ზღვა დღეს გახდა ხიდი და სივრცე ყველა სახის კავშირებისთვის ჩვენს ევროპელ მეზობლებს, კავკასიასა და კასპიის ზღვის მიღმა, ცენტრალურ აზიას შორის. რაც უფრო მეტად იქნება რუსეთი და მისი სატრანზიტო გზები იზოლირებული, ეს რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით უფრო მეტად გახდება ეს რეგიონი მნიშვნელოვანი ევროპისთვის. ასე რომ, ახლა, როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში ჩავდივართ, უკვე ყველას ესმის, რომ ჩვენ არ ვართ თურქეთს მიღმა, ჩვენ ვართ შავი ზღვის ნაპირზე და შავი ზღვა არის ევროპის საზღვარზე. შავი ზღვის სტაბილურობა, მშვიდობა ამ რეგიონში და თანამშრომლობის შესაძლებლობა როგორც ენერგეტიკულ, ისე დაკავშირების საკითხებში, არის უმნიშვნელოვანესი ევროპის მომავლისთვის და ეს არის ჩვენს საერთო ინტერესებში. ეს კი მოითხოვს, რომ შავი ზღვა იყოს მშვიდობისა და თანამშრომლობის ზღვა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს არ აქვს ფუფუნება, მეორედ მიიღოს უარი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
„ორი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული თვალსაზრისით და არ მხოლოდ პოლიტიკური კრიტერიუმებით, რასაც ევროკავშირი ამ დრომდე იყენებს. ჩემი დასკვნით, მე თავად გახლავართ ერთ-ერთი კრიტიკოსი საქართველოს შიგნით ზოგიერთ რეფორმის ნაკლებობისა ან აქტიურობის ნაკლებობისა იმ მიმართულებით, საითაც უნდა მივდიოდეთ. ცხადია, ჩვენ არ ვართ სრულყოფილები, მაგრამ, ვფიქრობ, საქართველოს არ აქვს ფუფუნება, მეორედ მიიღოს უარი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ჩვენ სტატუსი რაც შეიძლება მალე უნდა მივიღოთ, რადგან ეს იქნება სტრატეგიული გზავნილი რუსეთისთვის. ეს იქნებოდა სიგნალი, რომ ნაცრისფერი ხაზი წაიშალა და აღარ არსებობს სუსტი წერტილი, სადაც რუსეთს შეუძლია ძალის დემონსტრირება, თუ რუსეთი კვლავაც დამცირებული იქნება უკრაინაში.
სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის იქნება გზავნილი, რომ საქართველო არის იმ ევროპული სივრცის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც არ ფარავს ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი, მაგრამ ეს არის სივრცე, სადაც რუსეთს არ შეუძლია, მოიქცეს ისე, როგორც ეს საქართველოსა და უკრაინაში გააკეთა, რაც მოიცავს მოლდოვასაც. კანდიდატის სტატუსი არ არის გზის დასასრული და ამ სტატუსის მიღების შემდეგ მოთხოვნები უფრო ზუსტი და მკაცრი ხდება ხოლმე. ამასთან, არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, მაგრამ მიუხედავად ამისა, კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის იქნებოდა იმედის გზავნილი, საქართველოს მოსახლეობის აღიარების გზავნილი, რომელიც ევროპისკენ გეზს ამდენი წელი უჭერს მხარს, და აგრეთვე გზავნილი რუსეთისთვის, რაც ასევე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.