სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ არ ვართ დავიწყებული, ვიტყოდი, რომ დავბრუნდით მსოფლიო რუკაზე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება. პრეზიდენტი პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდას მიწვევით დაესწრო.
ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილმა პარალელურად შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიმართ ასეთი ინტერესი არსებობს და საქართველოს პარტნიორები არ ეგუებიან ამ ვითარებას.
„ბელგიის პრემიერი, რომელიც გახდება ევროკავშირის ახალი თავმჯდომარე, დაინტერესებულია ჩვენი სიტუაციით და იმით, თუ რა შეიძლება, გავაკეთოთ. ეს კითხვები, ინტერესი და იმის მზაობა, რომ რაღაც მოიფიქრონ, არა მხოლოდ შეეგუონ და მივიდნენ საოკუპაციო ხაზზე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვართ დავიწყებული, ამ კუთხით ვიტყოდი, რომ დავბრუნდით მსოფლიო რუკაზე. არ შეიძლება, რომ ასე გაგრძელდეს, ეს გაუთავებელი პროვაკაციებია და რაღაც უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ და აღნიშნა, რომ ვლადიმირ ზელენსკიმ, გარდა უკრაინაში მიწვევისა, შესთავაზა, მოემზადებინათ ერთობლივი დოკუმენტის სტრატეგია.
„დიდი ინტერესია და თვითონაც შემოგვთავაზა, რომ მოვამზადოთ არა მხოლოდ ვიზიტი, არამედ რაღაც ერთობლივი დოკუმენტის სტრატეგია, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ერთი მხრივ, კონფლიქტებთან მიმართებით და მეორე მხრივ, ევროკავშირის მიმართულებით“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.