სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ახლა უნდა დავიწყოთ ახალი ეტაპი, საქართველოს სჭირდება უახლესი ისტორიის გადაფასება
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ახლა უნდა დავიწყოთ ახალი ეტაპი, საქართველოს სჭირდება უახლესი ისტორიის გადაფასება

30 წლის წინ საქართველომ წარმატებით ჩააბარა დემოკრატიის ტესტი. გამოხატა საკუთარი ნება არჩევნებისა და რეფერენდუმის მეშვეობით. დიდი უმრავლესობით გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ, გაიმარჯვეს ეროვნულმა ძალებმა. ამ ხელისუფლებამ ბევრი შეძლო: უპირველეს ყოვლისა, დაგვიბრუნა განცდა, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდა, გააღვივა ეროვნული სიამაყე და ენერგია. ამ პერიოდს საქართველო ალბათ შეცდომების გარეშე ალაბათ ვერ გაივლიდა, მაგრამ ეს არ ამართლებს ქუჩის, იარაღის თუ გადატრიალების გზას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს ამ ისტორიის გადაფასების დრო დადგა. ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, გადავდგა პირველი ნაბიჯი და ეს სიმართლე ყველამ ერთად ვაღიაროთ. დროა ჩვენი ისტორია, სამართლებრივ და სამართლიან გზას დავაბრუნოთ. დროა საჯაროდ დავგმოთ ანტიკონსტიტუციური გზა და ლეგიტიმურ ხელისუფლებას და ყოფილ უზენაეს საბჭოს კუთვნილი ადგილი აღვუდგინოთ ჩვენს ისტორიაში. გვჭირდება ასევე, ახალი მიდგომები. ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება მომავლის ორიენტირი ანუ პერსპექტივა, ხედვა. ახალი მიდგომა გვჭირდება ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ აფხაზ და ოს მოსახლეობასთან დასაახლოვებლად. ოკუპაციაზე მხოლოდ მუდმივად აპელირება არასაკმარისია, თუ იმავდროულად არ ვეძებთ გზებს აფხაზებთან და ოსებთან ფიზიკური და ზნეობრივი დისტანციის შემცირებისთვის და ერთობის აღდგენისთვის. თუ იმავდროულად ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში ქართველი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას ვერ ვახერხებთ. ოკუპაციას არ ვეგუებით და არ შევეგუებით. ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, მხოლოდ გაჩერება დამღუპველია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, „გაყინული კონფლიქტებისა და ოკუპაციის დასაძლევად საჭიროა ახალი მიდგომა და თვითიზოლაციიდან გამოსვლა“.

„შეიძლება არ გვჯეროდეს, რომ დიალოგი რამის მომტანია. გასაგებია, რომ არ ვენდობოდეთ ქვეყანას, რომელმაც მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. თუმცა არ შეიძლება, მთელი მსოფლიოსგან და ჩვენი უახლოესი პარტნიორებისგან განსხვავებით, ვიყოთ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დიპლომატიაზე უარს ამბობს. ისიც უნდა ითქვას და ამაში ოპოზიციას გარკვეულწილად ვეთანხმები, რომ რუსეთთან მხოლოდ პარალელური დიპლომატია არ ამართლებს, რადგან მას აკლია ის ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რაც თან ახლავს ფორმალურ მოლაპარაკებებს. უნდა ვიცოდეთ, რომ დიალოგი არ ნიშნავს რამის აღიარებას, მოლაპარაკება არ ნიშნავს დათმობას, ხოლო დიპლომატიაზე უარის თქმა ნიშნავს ყველა ბერკეტის ხელიდან გაშვებას და გაყინვას. დიალოგს კი თავისი ფორმატი აქვს და ჩვენთვის აუცილებელია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ამ მიმართულებითაც. ახალი მიდგომა გვჭირდება კავკასიაში ჩვენი მეზობლების და ახალი მოცემულობის გათვალისწინებით, საჭიროა საქართველომ დაიბრუნოს ისტორიული როლი, როგორც კავკასიის ძრავამ და გამაერთიანებელმა. ამისთვის შესაძლებელია ვიფიქროთ „კავკასიური მშვიდობის პლატფორმის“ იდეაზე, რომელიც შეკრებს კავკასიის ქვეყნებს, გარე აქტორებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ასეთი პლატფორმა ხელს შეუწყობს ერთობლივი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური თუ კულტურული პროექტების წარდგენასა და განხორციელებას. გააძლიერებს ამ რეგიონის პოტენციალს, შეასრულოს სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ენერგეტიკის „ჰუბ“- ის როლი. თბილისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ადგილი, როგორც კავკასიური იდენტობისა და კავკასიური კვლევების ცენტრმა. ჩვენ თუ ამას არ ვითავებთ, ამისთვის ბევრი სხვა კანდიდატი უკვე მზად არის.

ახალი მიდგომა ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, რამეთუ მხოლოდ ლაპარაკი, რომ ევროპასა და ნატოს ვუახლოვდებით და გაწევრიანებისთვის კარი ღიაა, არასაკამრისია. ჩვენ მეტი გვინდა. მოლოდინის დრო აღარაა. აქტიურობის, ახალი ნაბიჯების მოფიქრების და გადადგმის დრო მოვიდა. ევროკავშირთან გვჭირდება აქტიური ორმხრივი პროცესი, რომელშიც ჩვენ მას ქცევით და აზროვნებით დავუახლოვდებით და უფრო სწრაფად გავითავისებთ ევროპული სტანდარტებს (მაგალითად, შრომის უსაფრთხოება, ეკოლოგია, სურსათის უვნებლობა და სხვა). იმის დროც მოვიდა, რომ ინტეგრაციის პროცესის თანაავტორი გავხდეთ, მეტი ინიციატივა გამოვიჩინოთ, პარტნიორებს დავანახოთ ჩვენი პრიორიტეტები და მათთან ერთად განვსაზღვროთ შემდეგი ეტაპის კონკრეტული საფეხურები. იგივე მიდგომა გვჭირდება ნატოსთან და ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებაში: ახალი ინიციატივები მაგალითად, შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატში. საჭიროა ნატოსთან თანამშრომლობის ახალი ფორმების მოფიქრება ეს კი ჩვენგან მოითხოვს მეტ აქტიურობას, მეტ მოქნილებას და მომავლის ხედვას. ახალი მიდგომა გლობალური გამოწვევებთან მიმართებაშიც გვჭირდება. პანდემიამ საერთაშორისო ურთიერთობების ახალი რაელობა შექმნა, რომელშიც დღესდღეობით მთავარ აქტორებად მხოლოდ დიდი ქვეყნები რჩებიან. ამ მოცემულობაში გამოსაკვეთია პატარა ქვეყნების გააქტიურების მექანიზმები. შესაძლებელია, რომ ასეთი ინიციატივით საქართველოც გამოვიდეს. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია აქტიური მოთამაშე გავხდეთ როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო ასპარესზე, ვაყალიბებდეთ საკუთარ ხედვას და მისგან გამომდინარე ინციატივებს გლობალურ საკითხებთან მიმართებაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.