სალომე ზურაბიშვილი - ჩემთვის დიდი პატივი იქნება, აზერბაიჯანთან ერთად წარვადგინოთ კავკასიის ინდუსტრიული მემკვიდრეობა, რომლის წამოწყებაშიც ჩემი წინაპარი ნიკო ნიკოლაძე უშუალოდ იყო ჩართული
საქართველომ და აზერბაიჯანმა თავიანთი კულტურა სავიზიტო ბარათად უნდა აქციონ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბაქოში განაცხადა, სადაც მის პატივსაცემად აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სახელით ოფიციალური ვახშამი გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვახშამზე სახელმწიფოს ლიდერებმა ოფიციალური სადღეგრძელოები წარმოთქვეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველო-აზერბაიჯანის ისტორიაზე, ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებზე, ორი ქვეყნის მეგობრობაზე და ასევე კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, კულტურა სტაბილურობისა და წინსვლის განუყოფელი ნაწილია.
„ჩვენმა ქვეყნებმა ღირსეული ადგილი უნდა დაიკავონ მსოფლიო და ევროპულ თანამეგობრობაში, რომელიც, ეკონომიკის გარდა, სწორედ კულტურის სფეროს მოიცავს. მიმაჩნია, რომ დადგა დრო, როცა საქართველომ და აზერბაიჯანმა თავიანთი კულტურა სავიზიტო ბარათად უნდა აქციონ. ჩვენ ვფიქრობთ ახალ სტრატეგიებზე: ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებზე, ვფიქრობთ მასშტაბურ კულტურულ პროექტებზე.
ახლახან, იუნესკო-ში ვიზიტის დროს, გამოიკვეთა რამდენიმე ასეთი მიმართულება. მათ შორის არის ინდუსტრიული მემკვიდრეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია, ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლად იქნას აღიარებული გასული საუკუნის დასაწყისში ბაქოში ნავთობის აღმოჩენა და ინდუსტრიის განვითარება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მან აზერბაიჯანელ კოლეგას გამოცდილების გაზიარებაც შესთავაზა.
„ჩვენ მზად ვართ, გაგიზიაროთ გამოცდილება და, თუ თქვენი სურვილი იქნება, ერთობლივად წარმოვადგინოთ კავკასიის ინდუსტრიული მემკვიდრეობა (ბაქო, რკინიგზა და ფოთი). ეს პირადად ჩემთვის იქნება დიდი პატივი, რადგანაც ჩემი წინაპარი – ნიკო ნიკოლაძე უშუალოდ იყო ჩართული ამ წამოწყებებში და ურთიერთობდა კაპიტალისტებთან, რომლებიც მაშინ კავკასიაში საქმიანობდნენ. ესენი იყვნენ: ნობელები – თქვენთან, როტჩილდები კი, ჩვენთან“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ ნავთობის ინდუსტრიის ისტორია რეგიონის მშვიდობის ისტორიაცაა.
„მისი ახლებური წაკითხვა და მსოფლიოსთვის წარდგენა მხოლოდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ერებს და შეცვლის ცრუ წარმოდგენას რეგიონზე, რომელიც მხოლოდ კონფლიქტების ჭრილში აღიქმება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე შეფასებით, არსებობს მრავალი პროექტი კულტურის, ეკონომიკის სფეროებში, რომელთაც საქართველოსა დ აზერბაიჯანის, ხალხების, ახალგაზრდების უფრო მჭიდროდ დაკავშირება შეუძლიათ.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ბაქოსა და თბილისს შორის უფრო აქტიური გაცვლები უნდა მოხდეს.
„თქვენი ტრადიციული ხელგარჯილობის, მხატვრების, კომპოზიტორების, მწერლების წარმოჩენა; გაიმართოს ფორუმები აქტუალურ საკითხებზე, – მაგალითად, გარემოს დაცვაზე, რამეთუ კავკასიის ბიოდივერსიფიცირებული ფლორა და ფაუნა ჩვენი დასაცავია. ამისათვის უნდა ვიმუშაოთ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე მსოფლიო კონფერენციებზე. ახალგაზრდებს შორის ამ პასუხისმგებლობის შეგრძნება და ამაღლება, ახალი მიდგომების დანერგვა შეიძლება, გახდეს ძალიან ეფექტიანი დამაკავშირებელი ინსტრუმენტი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ვახშამზე.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ორ ქვეყანას კიდევ უფრო აახლოებს საქართველოსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები და აზერბაიჯანელები.
„ხვალ აქ ვესტუმრები ქართული წარმოშობის აზერბაიჯანის მოქალაქეებს. მათ მიმართ ჩვენ დიდ სიახლოვეს ვგრძნობთ და გვინდა, რომ ვიზრუნოთ მათზე – ისევე, როგორც თქვენ გინდათ, ხელი გაუწოდოთ აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებს. ეს ადამიანები ერთმანეთთან მტკიცედ აკავშირებენ ჩვენს ქვეყნებს.
მინდა ვისურვო, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითა და დიდი თუ პატარა მეზობლების კეთილგანწყობით მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას.
ეს არის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საწინდარი იმ რეგიონში, რომელიც კულტურებისა და ცივილიზაციების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გზაჯვარედინზე მდებარეობს. ჩვენ მსოფლიოს წინაშე ვალდებული ვართ, დავიცვათ მისი უნიკალურობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურ ვახშამზე.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახუროს ინფორმაციით, ვახშამზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ დღეს არსებობს კარგი შესაძლებლობები და პერსპექტივები აზერბაიჯანსა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისათვის, ესენია: ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურის სფეროები.
სალომე ზურაბიშვილის პატივსაცემად ვახშამი ბაქოში, საპრეზიდენტო რეზიდენციაში ,,გიანჯლიკი” გაიმართა.