სალომე ზურაბიშვილი - ჩემი როლია, ვიყო კავშირში უცხოელ პარტნიორებთან, ასევე შიგნით მნიშვნელოვანია შემართება, კარგად ვიცი, რამდენად ძნელია პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება, თუმცა ეს გრძელდება
ბრძოლა მხოლოდ პირველ ეტაპზეა. დღეს ჩემი როლი, როგორც პრეზიდენტის, არის ის, რომ ვიყო კავშირში უცხოელ პარტნიორებთან, მაქსიმალურად გადავცე ჩვენი გზავნილები და მოთხოვნები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია შემართება.
„ჩემი აზრით, მტკიცებულებების დრო დამთავრდა, მაგრამ თუ ჩათვლიან, რომ საგამოძიებო ქმედებები კიდევ საჭიროა, რათა რაღაც დროის მოგება უნდათ, ეს მათი გადასაწყვეტი იქნება. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად და თქვენ ხართ მზად, თუკი იქნება საერთაშორისო გამოძიება, თქვენ იყოთ ისინი, ვინც უპასუხებენ და არა – სახელისუფლო ვიღაც პირები. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, შიგნით მნიშვნელოვანია შემართება, რაც არ უნდა იყოს სირთულეები. ვიცით, რა არის პოლიტიკური სპექტრი, მე პირადად ძალიან კარგად ვიცი, რამდენად ძნელია მათი გაერთიანება სხვადასხვა კუთხით, თუმცა ეს გრძელდება. საზოგადოება არის ბევრად უფრო გაერთიანებული და საზოგადოება აჩვენებს გზას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილს ორგანიზაცია „ჩემი ხმის“ ერთ-ერთმა დამკვირვებელმა, პაატა ციკოლიამ მიმართა: „ქართულ პოლიტიკაში დარჩენას თუ აპირებთ, როგორც ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური ფიგურა, თქვენ გავალდებულებთ, გვილიდეროთ სამოქალაქო საზოგადოებას და ყველამ ერთად, ერთხმად მოვითხოვოთ, პოლიტიკურმა პარტიებმა დაგვანახონ ერთიანობა, იმუშაონ ერთად, გაგვამხნეონ ამით და ჩვენ გავამხნევებთ მათ. ჩვენ უნდა ვიყოთ მათი ზურგი და უნდა მოვითხოვოთ ეს ერთიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრძოლა ძალიან გაგვიჭირდება და აუცილებლად დავმარცხდებით ან ისე დავსუსტდებით, რომ ვეღარ შევძლებთ გაგრძელებას“.
საპასუხოდ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:
„ჩემს პარასკევებს როცა დავამთავრებ, აქ ვარ, სადაც საჭირო ვარ, აქ ვიქნები და, დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად“.
სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა – კოალიცია „ჩემმა ხმამ“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა გამართეს.