სალომე ზურაბიშვილი - ჩემი პოლიტიკური გზის ყველა ეტაპზე ჩემი როლი უცვლელი იქნება, ვიდგები დამოუკიდებლობის, ეროვნულობის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლის სადარაჯოზე
როგორც იყო აქამდე, ჩემი პოლიტიკური გზის ყველა ეტაპზე ჩემი როლი უცვლელი იქნება, ვიდგები დამოუკიდებლობის, ეროვნულობის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლის სადარაჯოზე. როგორც დღემდე, ისე ხვალაც ბოლომდე კატეგორიულად შევეწინააღმდეგები საბჭოთა, რუსულ წარსულში მიბრუნების ყველა მცდელობასა და ევროპული შესაძლებლობების საბოტაჟს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპა არის საქართველოს უალტერნატივო მომავალი.
„მინდა, ყველასთვის ნათელი იყოს, რომ ეს მშვიდობიანი, სამართლიანი და თანასწორი მომავალი მხოლოდ ჩვენ კი არ გვეკუთვნის, არამედ ეკუთვნის მათ, ვინც დღეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ვეღარ იცავს ვერც ელემენტარულ ადამიანის უფლებებს, ვერც საკუთარ კულტურულ იდენტობას, ვერც ენას და ვეღარც მიწებს ძალადობრივ გასხვისებისგან. ამის სანაცვლოდ, წინ გვესახება ევროპაში ერთად შესვლის საიმედო და სანდო გზა. ეს არის ჩვენი ქვეყნის უალტერნატივო მომავალი, ეს არის ჩვენი ხალხის ნება და ჩვენი ვალია, ეს ნება აღვასრულოთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.