სალომე ზურაბიშვილი - ჩემი ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ნაწილი დიასპორის წარმომადგენლები არიან
სალომე ზურაბიშვილი - ჩემი ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ნაწილი დიასპორის წარმომადგენლები არიან

უცხოეთში წასული ჩვენი თანამემამულეები ყოველთვის მაინც ერთი თვალით არიან აქეთ, ნახევარი გულით თუ მთლიანი გულით. განცდა, რომ რაღაც უფსკრული გაჩნდა ქვეყანასა და მათ შორის, საბედნიეროდ, არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში დიასპორის საკითხებზე მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დიასპორის საკითხი ჩვენთვის ძალიან სერიოზული საკითხია, არა მხოლოდ საქართველოსთვის. დღევანდელ დღეს ალბათ ცოტაა რიცხვი ქვეყნებისა, რომლებსაც არ გააჩნიათ დიდი დიასპორა საზღვარგარეთ. თუმცა, ეს საკითხი საქართველოსთვის, ამ ძველი ქვეყნისთვის, ახალი საკითხია. ძალიან დიდხანს საქართველო საკუთარ თავს მიიჩნევდა არაემიგრანტების ქვეყნად. ქვეყნად, საიდანაც არავინ მიდიოდა, რომელსაც არავინ ტოვებდა და უცებ, მოკლე დროში, ახალ პერიოდში ვიქეცით ქვეყნად, რომელსაც ჰყავს ძალიან დიდი დიასპორული მოსახლეობა საზღვარგარეთ. ჩვენ რეალურად არ ვიყავით მომზადებული ამ პრობლემის დასაძლევად. არ ვიყავით მომზადებული იმისათვის, რომ გაგვეცნობიერებინა, რას ნიშნავს დიასპორა და როგორ შეიძლება, ერთდროულად გამოიყენო ეს დიასპორა ქვეყნის მშენებლობისთვის და ამ დიასპორას გაუწოდო ხელი, დაუკავშირდე და პირობები შეუქმნა, რათა სამუდამო დიასპორად არ იქცეს. ჩვენი დიასპორა არ არის სამუდამო დიასპორა. ძალიან საინტერესოა ფაქტი, რომ მე გავიზარდე ემიგრაციაში. მაშინ დიასპორას არ უწოდებდნენ, რადგან პოლიტიკური ემიგრაცია იყო. ყოველთვის ძალიან მიკვირდა, როცა სხვა ქვეყნების ემიგრანტებს ვხვდებოდი და მეუბნებოდნენ, მე იმ ქვეყანასთან არანაირი კავშირი არ მინდა, წამოვედი, ვიწყებ ახალ ცხოვრებასო და ამ ახალ ცხოვრებაშიც ადგილი აღარ გააჩნიათ. ეს არ არის ჩვენი დიასპორის განწყობა. უცხოეთში წასული ჩვენი თანამემამულეები ყოველთვის არიან მაინც ერთი თვალით აქეთ, ნახევარი გულით თუ მთლიანი გულით. განცდა, რომ რაღაც უფსკრული გაჩნდა ქვეყანასა და მათ შორის, საბედნიეროდ, არ არსებობს. ეს არ ნიშნავს, რომ ბევრი არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ, სახელმწიფომ, რომ ეს არსებული სულიერი კავშირი გადავაქციოთ უფრო ქმედით კავშირად, რომ ამ დიასპორას მივცეთ ერთდროულად პერსპექტივები ქვეყანაში და იქ, სადაც არიან, მაქსიმალურად გაშალონ თავიანთი პოტენციალი, რამეთუ ჩვენ ამით მოვიპოვებთ საშუალებას, ყველგან ვიყოთ წარმოდგენილი, რეალურად ვიყოთ წარმოდგენილი ძალიან ღირსეულად. ფაქტი, რომ არსებობს არალეგალური ემიგრაცია, რომ ეს არის პრობლემა და ვიცით, რომ ეს ჩვენი პარტნიორებისთვისაც პრობლემაა და ეს პრობლემა უნდა დავძლიოთ, არ ნიშნავს, რომ ჩვენი დიასპორა არ არის ძალიან კარგად მიღებული ძალიან ბევრ ქვეყანაში და ძალიან ბევრისმომცემი იმ ქვეყნებისთვის, თავისი კულტურით, თავისი წარსულით, თავისი გამოცდილებით“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები, განსაკუთრებით ექიმები, ძალიან დაფასებულნი არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

„მე საფრანგეთში ვცხოვრობდი და ვიცი, მაგალითად, რაოდენ დაფასებულნი არიან საფრანგეთის ყველა ქალაქში და ყველა საავადმყოფოში ჩვენი ექიმები. ჩვენი ექიმები დაფასებულნი არიან მთელ მსოფლიოში, სადაც იკავებენ ძალიან წარმატებულ ადგილებს – იქნება ეს კვლევაში თუ საავადმყოფოებში. ეს არის ჩვენი ალბათ ერთ-ერთი ძალიან დიდი გენეტიკური პოტენციალი. მაგრამ თუ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ემიგრაციასთან უნდა შევინარჩუნოთ კავშირი, იმთავითვე იცვლება დაბრუნების საკითხი. დაბრუნების საკითხი დღევანდელ მსოფლიოში სულ სხვანაირად დგას. ჩემ დროს ერთი ოცნება არსებობდა, როდის დავბრუნდებით საქართველოში. ვიღაც დაბრუნდა და ვინც ვერა, იქ არის დასაფლავებული, ლევილის სასაფლაოზე და ვინც ოცნებობდა ბოლომდე. ერთ-ერთ საფლავზე წერია, რომ ძვლებიც კი ფიქრობენ საქართველოზე. მაგრამ დღევანდელ დღეს ეს შეცვლილია, რადგან ჩვენი ემიგრაცია ნაკლებად პოლიტიკური მიზეზებიდანაა გამომდინარე. თუმცა არის ნაწილი, რომელიც ასევე წავიდა და ელოდება პოლიტიკურ ცვლილებებს. მაგრამ ძირითადი ნაწილი წასულია ეკონომიკური მიზეზებიდან გამომდინარე, რომ ამ ქვეყანაში ვერ ნახეს იმ დროისათვის თავიანთი პოტენციალის ადგილი და წავიდნენ უცხოეთში, რათა მოიპოვონ თავიანთი გზა. მათი დაბრუნება-არ დაბრუნება აღარ არის რაღაც თეთრი და შავი. დღევანდელ დღეს შეიძლება მრავალი ფორმით დაბრუნდე ქვეყანაში. შეიძლება, იქ ცხოვრობდე, მაგრამ აქ საქმიანობდე. კომუნიკაციის ძალიან ბევრი საშუალება გვაქვს. თუ გვინდა სამომავლოდ ეს ძალიან დიდი პოტენციალი არ დავკარგოთ, მე მაგალითად ჩემს ადმინისტრაციაში ჩამოვიყვანე სტაჟიორები უცხოეთიდან და ისინი წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ ნაწილს ჩემი ადმინისტრაციისა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ორმაგ მოქალაქეობასთან მიმართებით განხორციელდა.

„რატომ უნდა გადავწყვიტოთ ეს დიასპორების პრობლემა? – ჯერ ერთი, თუ ვლაპარაკობთ ქვეყნის ერთიანობაზე, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი პრობლემაა – იქნება ეს კონფლიქტების გადალახვა თუ პოლარიზაცია, რომელიც დღეს არსებობს საზოგადოებაში. არ შეიძლება ჩვენს დიასპორასთან მიმართებით ერთიანობაზე ფიქრის გარეშე. კიდევ ერთხელ, არ ვიცი, როდის დავიბრუნებთ – ძალით თუ ნებით, მაგრამ საკითხი ასე დგას – მათ იგრძნონ, რომ არიან ამ ქვეყნის ნაწილი და მაშინ ხდება დიასპორა ძლიერი ნაწილი ქვეყნისა და ქვეყნის აღმშენებლობის ძლიერი ინსტრუმენტი. კავშირი შედგება მოქალქეებისგან და ჩვენ შევძელით კონსტიტუციის შეცვლა იმისათვის, რომ დავუტოვოთ დიასპორას არჩევანი იმისა, რომ თუ თვითონ აქვს სურვილი, დაიტოვოს საქართველოს მოქალაქეობა, როცა სხვადასხვა გარემოების გამო მას აქვს საშუალება ან სურვილი, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღოს. ეს ნიშნავს, რომ სამართლებრივი კავშირი ჯაჭვია, რომელიც ქვეყანასთან გვაერთიანებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.