სალომე ზურაბიშვილი - ჩართული ვიქნები საინფორმაციო კამპანიაში, რათა ახალგაზრდებს გავაგებინოთ, რომ ნარკოტიკი არანაირ პერსპექტივას არ მოუტანთ, რომ ეს არის საფრთხე
არ შეიძლება, ჩვენი ახალგაზრდობა გართული იყოს მარიხუანით ან უფრო მძიმე ქიმიური ნარკოტიკებით, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში მთაწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, უფლება არ ექნება, კანონის მიღებაში ჩაერიოს, თუმცა თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის.
„ადამიანების ყველა ის კატეგორია, რომელიც ქვეყანაში არასაკმარისად დაცულია, ეს ეხება მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, შშმ პირებს, რომლებსაც სჭირდებათ არამხოლოდ პანდუსები, არამედ ზრუნვა, როგორც პრეზიდენტი და როგორც დედა მივიჩნევ, რომ რაღაც ფორმით ჩემი მფარველობის ქვეშ უნდა იყვნენ. ვაპირებ ამ კუთხით აქტიურად ჩავერთო ყველა იმ საკითხში, რომელიც ეხება ადამიანურ, სოციალურ, ეკონომიკურ და ჯანდაცვის უფლებებს, რადგან მნიშვნელოვანია, გვყავდეს ჯანსაღი საზოგადოება და ჯანსაღი ახალგაზრდობა.
არ შეიძლება, ჩვენი ახალგაზრდობა გართული იყოს ხან მარიხუანით და ხან უფრო მძიმე ქიმიური ნარკოტიკებით. მე არ მექნება კანონის მიღებაში ჩარევის უფლება, მაგრამ ამ საკითხში ხმა რომ მექნება და ჩემი სათქმელი, ამაში დარწმუნებული იყავით. ჩართული ვიქნები საინფორმაციო კამპანიაში, რათა ახალგაზრდებს გავაგებინოთ, რომ ნარკოტიკი არანაირ პერსპექტივას არ მოუტანს, რომ ეს არის ძალიან დიდი საფრთხე მათთვის“, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.