სალომე ზურაბიშვილი ბოლნისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მცირე საწარმოები დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლში სტუმრობისას ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და რეგიონის განვითარების პოტენციალზე ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში არ არსებობს მხარე და რეგიონი, რომელსაც არ აქვს საკუთარი განვითარების პოტენციალი და შესაძლებლობა. მისი თქმით, სახელმწიფოს ვალია, დაინახოს ეს პოტენციალი და ხელი შეუწყოს მის განვითარებას.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ გაიზრდება თვითმმართველობის ძალა, ადგილობრივი მოსახლეობისგან წამოვა უფრო მეტი იდეა და ინიციატივა და ბევრი სასარგებლო და საინტერესო პროექტი განხორციელდება, თუმცა ამ პროექტების განხორციელებისათვის საჭიროა შესაბამისი ადამიანური რესურსი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურებასა და კულტურული მიმართულებების განვითარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონში ბიბლიოთეკები, თეატრები, მუზეუმები, კულტურული ცენტრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს რეგიონში სიცოცხლეს ქმნის.
საქართველოს პრეზიდენტმა, ქვემო ქართლის, როგორც მრავალეთნიკური რეგიონის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული რეგიონი ქართული ტოლერანტობის ძლიერი მაგალითია. მისი განცხადებით, საუბარია იმაზეც, რომ იუნესკომ ქართული ტოლერანტობა, როგორც კულტურული ფასეულობა არამატერიალური კულტურულ ძეგლთა ნუსხაში შეიტანოს.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს ტოლერანტობა შესაძლებელია ერთ-ერთ ტურისტულ მიმართულებადაც განვიხილოთ. მისი თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვა იმის სანახავად, როგორ მშვიდობიანად ცხოვრობენ საქართველოში სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანები.
პრეზიდენტმა განათლების მნიშვნელობასა და საზღვარგარეთ განათლების მიღების შესაძლებლობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რეგიონის ახალგაზრდებმა ,,ერასმუსის” პროგრამებით ისარგებლონ, ახალი გამოცდილებითა და იდეებით დაუბრუნდნენ სამშობლოს.
სალომე ზურაბიშვილმა ქვემო ქართლში ადგილობრივი მცირე საწამოები დაათვალიერა.
პრეზიდენტი სოფელ დისველში ქალთა კოოპერატივ „დისველს”, რძის გადამამუშავებელ საწარმოს ესტუმრა, რომელიც ეკომიგრანტმა ქალებმა შექმნეს.
აღინიშნა, რომ ქალთა კოოპერატივი „დისველი” სოფლად მცხოვრები ქალების ერთობლივი მუშაობის წარმატების მაგალითია, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს სოფელში მცხოვრები ქალებისთვის არსებულ შესაძლებლობებს.
საწარმოში დასაქმებულია 12 ადგილობრივი. საწარმოს წარმოება დღე-ღამეში 2.5 ტონა რძეს შეადგენს, დღეში 1.2 ტონა რძეს ამუშავებს. ფაბრიკა რძეს ადგილობრივი მოსახლეობისგან და მსხვილი ფერმებიდან იბარებს.