სალომე ზურაბიშვილი - ბევრი მიმართულებაა, სადაც შეიძლება, დაისაჯოს მთავრობა, მაგრამ არ შეიძლება, რომ ქართული ჯარი, რომელზეც დგას ჩვენი თავდაცვა, დაისაჯოს, ეს ცოტა ვერ გავიგე და უთუოდ გავარკვევ
ძალიან ბევრი მიმართულებაა, სადაც შეიძლება, დაისაჯოს ეს მთავრობა და უნდა დასაჯონ, მაგრამ არ შეიძლება, რომ ქართული ჯარი, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი თავდაცვა, ის დაისაჯოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქართული ჯარი მოსახლეობის სრული ნდობით სარგებლობს და მისი დასჯა არ უნდა მოხდეს.
„ამერიკა ხომ არ არის შენი პატარა ბავშვი, რომ ასე აბურთავებ. ის ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფოა. შენ ასე ექცევი და გგონია, რეაგირებაც არ ექნება? მაგრამ ორი რამ არ მესმის. არ მესმის, ჩვენი ჯარისთვის ბიუჯეტის შეზღუდვა და არ მესმის, თუ ეს მართალია, ჯერ ბოლომდე არ არის გარკვეული, ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეზღუდვა. ძალიან ბევრი მიმართულებაა, სადაც შეიძლება, დაისაჯოს ეს მთავრობა და უნდა დასაჯონ, მაგრამ არ შეიძლება, რომ ქართული ჯარი, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი თავდაცვა, ის დაისაჯოს. მით უმეტეს, ის მთლიანად არის შექმნილი ამერიკის მიერ. ეს ცოტა ვერ გავიგე და უთუოდ გავარკვევ. ის, რომ წვრთნები გადაიდო, გასაგებია. არჩევნებამდე, ვიდრე არ გაირკვევა ყველაფერი, რაღაც ნიშნები შეიძლება მოგცენ, მაგრამ ჯარისთვის ხელის ხლება არ შეიძლება, რადგან ჩვენი ჯარი სარგებლობს მოსახლეობის სრული ნდობით და ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ნამდვილი, შეიძლება ვთქვათ, რომ ერთადერთი საყრდენი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.