სალომე ზურაბიშვილი - ბათუმში დაგეგმილი პარტნიორობის კონფერენცია იქნება შესაძლებლობა, რომ ბიძგი მიეცეს ახალ იდეებს
სალომე ზურაბიშვილი - ბათუმში დაგეგმილი პარტნიორობის კონფერენცია იქნება შესაძლებლობა, რომ ბიძგი მიეცეს ახალ იდეებს

ბათუმში დაგეგმილი პარტნიორობის კონფერენცია იქნება შესაძლებლობა, რომ ბიძგი მიეცეს ახალ იდეებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, იუნკერთან შეხვედრაზე იმსჯელეს, ივლისში საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობაზე, ბათუმში პარტნიორობის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

„ეს კონფერენცია უნდა გახდეს მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოსთვის, ეს არის პარტნიორობის შეთანხმების მეათე წლისთავი და კონფერენცია კარგი შესაძლებლობა იქნება იმისა, რომ თვალი გადავავლოთ ჩვენს ურთიერთობებს და მიღწეულ პროგრესს, რომელიც ძალიან არსებითია.

ეს იქნება ასევე შესაძლებლობა, რომ ბიძგი მიეცეს ახალ იდეებს, ახალ მიდგომებსა და დინამიკას ამ ურთიერთობაში, რომელიც უკვე ასოცირების შეთანხმების ხუთ წელს ითვლის. ეს იქნება ასევე კარგი შესაძლებლობა, რომ ერთად ვიფიქროთ, როგორი იქნება ეს ურთიერთობა, რომელიც უკვე ძალიან ნაყოფიერია, ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, როდესაც ევროკავშირი გადადგამს პირველ ნაბიჯებს ახალი ინსტიტუტების შექმნის გზაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.