საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მწერალთა სახლში ბაბო შარვაშიძის წიგნის „მემუარები“ პრეზენტაციას დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბარბარე შარვაშიძე აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, მიხეილ შარვაშიძის უმცროსი ქალიშვილია, რომელიც შთამომავლობის გარეშე და სამშობლოსგან შორს გარდაიცვალა ლონდონში და თავისი მოგონებების ხელნაწერი დაუტოვა მეუღლეს, ალექსანდრე მეიენდორფს.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა წიგნის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა, მისთვის ყოველთვის საინტერესოა მემუარების ჟანრის წიგნები, მით უფრო, თუ ის ეხება ძალიან საინტერესო ეპოქასა და იმ ადამიანის ცხოვრებას, რომელმაც სიცოცხლე ემიგრაციაში დაასრულა.
„ძალიან საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მემუარებში აღწერილი ისტორია, ქართველებისა და აფხაზების საერთო ისტორიაა, რომელიც ჩვენი ერთობლივი მომავლის საფუძველს წარმოადგენს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მემუარები ინგლისურიდან თარგმნა და კომენტარები, შენიშვნები, გენეალოგიური ტაბულები და საძიებლები დაურთო მაია ცერცვაძემ. როგორც მემუარების წინასიტყვაობის ავტორი ნინო ხოფერია წერს, წიგნი არის წარსულის მოვლენათა შეფასების მცდელობა და უნიკალურია თავისი მნიშვნელობით, მემუარები ერთგვარი ილუსტრაციაც შეიძლება გახდეს ურთულესი, გარდამავალი ეპოქის რეალიების გაცოცხლებისთვის, თუნდაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ნიუანსების ასახსნელად.