სალომე ზურაბიშვილი - აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი რეგიონის ენერგოგზების ქვაკუთხედი გახდნენ
საქართველომ და აზერბაიჯანმა კავკასია მსოფლიო რუკაზე გამოაჩინეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბაქოში, მის პატივსაცემად აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამზე განაცხადა.
ვახშამზე სახელმწიფოს ლიდერებმა ოფიციალური სადღეგრძელოები წარმოთქვეს და ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობაზე გაამახვილეს ყურადღება.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ისტორიასთან ერთად, ორი ქვეყნის ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა, რომელმაც რეგიონი მსოფლიოში წარმოაჩინა.
„ჩვენ კავკასია მსოფლიო რუკაზე გამოვაჩინეთ – თქვენ ამ რუკაზე ჩანხართ, როგორც გაზისა და ნავთობის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი, ჩვენ კი მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა ვართ. ჩვენი სამეული – აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ამ რეგიონის ენერგოგზების ქვაკუთხედი გახდნენ“, – განაცხადა ოფიციალურ ვახშამზე სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, კავკასიის პოტენციალი მსოფლიოსთვის ამით არ იწურება, რეგიონის გამორჩეული მდებარეობისა და უნიკალური მონაცემებიდან გამომდინარე, ორივე ქვეყანას დიდი როლი აქვს შესასრულებელი.
„ჩვენი ქვეყნები იმ გზაზე მდებარეობს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აზიასა და ევროპას, ჩინეთსა და დასავლეთს, კასპიის ზღვასა და შავ ზღვას. ამ სატრანსპორტო დერეფნების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. იმისთვის, რომ ეს გზები მაქსიმალურად დაიტვირთოს და სათანადო მნიშვნელობა შეიძინოს, აუცილებელია, ჩვენმა რეგიონმა შეინარჩუნოს სტაბილურობა და მშვიდობა. ყველას გვჭირდება მეტი ინვესტიცია, მეტი პარტნიორი, მეტი ტურისტი, მეტი ბაზრები. ეს ყველაფერი ჩვენს სტაბილურობაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ოფიციალური ვახშამი სალომე ზურაბიშვილის პატივსაცემად საპრეზიდენტო რეზიდენციაში ,,გიანჯლიკი” გაიმართა.