სალომე ზურაბიშვილი - აუცილებელია, უახლოეს მომავალში ახალქალაქში ქართულენოვანი ბაგა-ბაღი გაიხსნას
სალომე ზურაბიშვილი - აუცილებელია, უახლოეს მომავალში ახალქალაქში ქართულენოვანი ბაგა-ბაღი გაიხსნას

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალქალაქში დედაენის დღესთან დაკავშირებით კულტურის სახლის კედელზე დედაენის პანო გახსნა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა რეგიონში სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული ენის ცოდნით შეიარაღებულ მოქალაქეებს შეუძლიათ აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქვეყნის ცხოვრებაში და მონაწილეობდნენ გადაწყვეტილებების მიღებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა ახალქალაქში მოსახლეობასთან საუბარი ზურაბ ჟვანიას გახსენებით დაიწყო.

„დღეს სახელმწიფო ენის დღეა. მინდა დღეს გავიხსენო ზურაბ ჟვანია, რომლის ვარსკვლავიც გაიხსნა ევროპაში, სტრასბურგში, რამდენიმე დღის წინ და რომელიც იმ სკოლის დამაარსებელია, რომელიც სახელმწიფო ენას ასწავლის ჩვენს მოქალაქეებს და გვეხმარება ყველას, გავხდეთ საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეები.

მეც ვსწავლობდი ბავშვობაში ქართულ ენას დედაენით და ის ფაქტი, რომ ეს წიგნი დღეს უბრუნდება სკოლებს და ამით ისწავლიან ჩვენი ბავშვები სახელმწიფო ენას, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავია. ვიცი, რომ ყველას არ გესმით ქართული, ან შესაძლებელია ნაწილობრივ გესმით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მაინც მოხვედით და ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ვიცი, იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ქართული ენა გახდეს ნამდვილად სახელმწიფო ენა, ანუ ყველას ენა, როგორც მე ვარ ყველას პრეზიდენტი, მე პირადად, კონსტიტუციით მაქვს მონიჭებული პასუხისმგებლობა ენის გავრცელებაზე, პოპულარიზაციაზე და სწავლაზე. დღეს ასევე ვნახეთ დოკუმენტური ფილმი იაკობ გოგებაშვილის შესახებ. რატომ არის საჭირო, რომ სახელმწიფო ენა ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს? რადგან ენა არის მთავარი კარი ურთიერთობებისთვის, ერთმანეთის გაგებისა და პატივისცემისთვის.

ენა არის კულტურის კარი, კარი სახელმწიფოს გაძლიერებისა. ამისთვის იბრძოდნენ 1978 წლის 14 აპრილს, რათა სახელმწიფო ენა ყოფილიყო დაცული. მათ რომ არ გაემარჯვათ, ალბათ, ამას არ მოჰყვებოდა საქართველოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობის აღდგენა. ეს ყველაფერი ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან და არ შეიძლება ერთი მეორეს გარეშე“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია, რომ ახალქალაქში ქართულენოვანი ბაგა-ბაღი გაიხსნას.

„ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ თქვენ და თქვენი შვილები გახდეთ საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეები, ამიტომ არის, რომ მე ძალიან ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ ორმაგი მოქალაქეობის მიღება  შესაძლებელი ყოფილიყო ყველასათვის. ეს ცვლილება შევიდა კონსტიტუციაში და დღეს, უკვე ყველას აქვს უფლება დაიბრუნოს, აღადგინოს საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ ამისათვის საჭიროა, თქვენც გადადგან ერთი ნაბიჯი, ისწავლოთ სახელმწიფო ენა, რაც იმის ნიშანი იქნება, რომ გინდათ ამ ქვეყნის მოქალაქეობა.

ისწავლოთ ენა, იმ დონეზე მაინც, რომ ჩააბაროთ პატარა გამოცდა, რაც თან ახლავს მოქალაქეობის აღდგენის პროცესს. ეს სიმბოლურია, მაგრამ ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს სურს, თქვენ გახდეთ საქართველოს სრული მოქალაქეები ყველა უფლებით და თქვენც გაქვთ ეს სურვილი და მაშინ არის სახელმწიფო ძლიერი, როცა ყველა მოქალაქეს სურს იყოს სრულყოფილი წევრი, გრძნობს თავს ამ ქვეყნის მოქალაქედ – სწორედ მაშინ იქნება საქართველო ყველა მხრივ ძლიერი სახელმწიფო.

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ და გითხრათ, რომ ჩვენ – სახელმწიფო არაფერს დავიშურებთ იმისთვის, რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს ქართული ენა, პირველ რიგში, ბავშვებისთვის. სწორედ, ბაგა – ბაღიდან იწყება ენის შესწავლა იმ დონეზე, რომ მერე ყველა პერსპექტივა და კარიერა ღია იყოს.

ამიტომ მე დღეს, ახალქალაქიდან ხმამაღლა უნდა ვთქვა, რომ აუცილებელია, უახლოეს მომავალში ახალქალაქში გაიხსნას ქართულენოვანი ბაგა-ბაღი. მე ვიცი, რომ თქვენც გინდათ ეს და ჩვენც გვინდა. იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს, როცა აქ ჩამოვალ ეს აღარ იქნება სურვილი, ეს უკვე განხორციელებული იქნება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტისა და ადგილობრივი მოსახლეობის შეხვედრას ესწრებოდნენ მხარის რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი.