სალომე ზურაბიშვილი - არავის აქვს უფლება, ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, შემწყნარებლობასა და ტოლერანტობას
სალომე ზურაბიშვილი - არავის აქვს უფლება, ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, შემწყნარებლობასა და ტოლერანტობას

არავის აქვს უფლება, ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, შემწყნარებლობასა და ტოლერანტობას, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს.

„მინდა, გამოვეხმაურო გურიაში ჩვენს მუსლიმ და ქრისტიან თანამემამულეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას. ეს სამწუხარო ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ვითარება უახლოეს დროში განიმუხტება.

საქართველო ყოველთვის ამაყობდა თავისი რელიგიური მრავალფეროვნებით. ეს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, მისი სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველი, რომელსაც ყოველთვის ვუფრთხილდებოდით.

ჩვენს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლება. რელიგიური მსახურებისა და რიტუალების ჩატარება ჩვენი მოქალაქეების უფლებაა და მათ ვერავინ შეუზღუდავს ამ უფლებას.

მომხდარი დაპირისპირება ერთეულ შემთხვევათა რიგს განეკუთვნება, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ არავის აქვს უფლება, ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოში რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობა, სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეთა ერთობა და ღირსეული თანაცხოვრება, შემწყნარებლობა და ტოლერანტობა“,- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში უთანხმოება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის გუშინ დაიწყო. კონკრეტულად, მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სალოცავის მოწყობას ითხოვენ, ქრისტიანული თემის წევრები კი ამის წინააღმდეგნი არიან. აზრთა სხვადასხვაობა ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.

ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა აცხადებს, რომ ხელისუფლება და სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა სოფელ ბუკნარში კონფლიქტი ექსცესების გარეშე მოგვარდეს.