სალომე ზურაბიშვილი - არ ვიცი, ვინ უნდა იყოს ის გენიოსი მინისტრი, ვინც განათლების სისტემას არსებული ვითარებიდან გამოიყვანს
სალომე ზურაბიშვილი - არ ვიცი, ვინ უნდა იყოს ის გენიოსი მინისტრი, ვინც განათლების სისტემას არსებული ვითარებიდან გამოიყვანს

პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სალომე ზურაბიშვილი სტრუქტურულ ცვლილებებს მხარს უჭერს და აცხადებს, რომ პატარა ქვეყნისთვის მცირე მთავრობის ფორმულა სწორია.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას კითხვები ერთადერთი მიმართულებით – განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანებაზე აქვს.

“არ ვიცი, ვინ უნდა იყოს ის გენიოსი მინისტრი, რომელიც შეძლებს, ჩვენი განათლების სისტემა გამოიყვანოს იმ სიტუაციიდან, რომელიც დღეს პრობლემატურია და ამავე დროს, საქართველოს კულტურულ პოლიტიკას იმ გასაქანს მისცემს, რაც დღემდე აკლია ქვეყანას, რომლისთვისაც კულტურა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე საექსპორტო პროდუქტი ან ძეგლთა დაცვის სფერო. კულტურა არის ნაწილი სახელმწიფო იდეოლოგიის, სახელმწიფო იდენტობის და ორივე დარგს ძალიან ძლიერი პოლიტიკური ფიგურები სჭირდება. შეიძლება, გამიკვირდეს და დავინახოთ ადამიანი, ვინც ორივე დარგის ერთდროულად აწევას შეძლებს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.